"დაკავების მომენტში შუამდგომლობაც კი არ ჰქონდა შეტანილი ბრალდების მხარეს" - ვახო ფიცხელაურის ადვოკატი

09.10.25 00:15
"დაკავების მომენტში შუამდგომლობაც კი არ ჰქონდა შეტანილი ბრალდების მხარეს" - ვახო ფიცხელაურის ადვოკატი

"როცა მოხდა ვახო ფიცხელაურის დაკავება დაახლოებით 17:00 საათზე, 6 ოქტომბერს, ამ მომენტში არათუ განჩინება, არამედ შუამდგომლობაც კი არ ჰქონდა შეტანილი ბრალდების მხარეს მის მიმართ დაკავების თაობაზე," - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული აქტივისტის, ვახო ფიცხელაურის ადვოკატმა, გიორგი ჩხეიძემ სხდომის შემდეგ განაცხადა. 

უფლებადამცველმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხრიდან ვერ მოისმინეს დამაჯერებელი ახსნა, თუ რატომ აღენიშნება მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებები მკლავების, იდაყვების და მხრების არეში და როდის აქვს ეს დაზიანებები მიყენებული.

ყურადღება დაეთმო იმ მდგომარეობას, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა როგორც მინიმუმ არასათანადო მოპყრობას, საუბარი არის ფიზიკურ ძალადობაზე, სიტყვიერ შეურაცყოფაზე, ასევე მუქარაზე და ერთგვარ აგდებულ დამოკიდებულებაზე. თუმცა მეორეს მხრივ, პროკურატურის და სასამართლოს მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ ერთადერთი ფრაზა, რომ ამით გამოძიება დაინტერესდება და თითქოს გამოძიება მოახდენს ამაზე რეაგირებას, თუ ჰქონდა ამას ადგილი. 

გამომდინარე აქედან, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვერ მოვისმინეთ რაიმე სახის დამაჯერებელი ახსნა, როგორც ბრალდების მხრიდან, ისე სასამართლოს მხრიდან, თუ რატომ აღენიშნება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებები მკლავების, იდაყვების და მხრების არეში, რატომ აქვს ეს დაზიანება და როდის აქვს ეს დაზიანებები მიყენებული. 

მეორეს მხრივ, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, ვახო ფიცხელაურმა მას დაახლოებით, საუბარია 2025 წლის 6 ოქტომბერზე, 17:00 საათზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები დახვდნენ მის მაღაზიასთან, მანქანით მოძრაობდა ვახო და დაახლოებით მისი მაღაზიიდან 100 მეტრის მოშორებით გადაუჭრეს გზა, გადმოათრიეს ძალის გამოყენებით, შემდგომ მოათავსეს ავტომობილში, ავტომობილშიც გაგრძელდა ფიზიკური შეურაცხყოფა, სამჯერ დაარტყეს მას მხრების და კისრის არეში. თუმცა მიუხედავად იმ ყველაფრისა, რომ თავად ვახომაც დეტალურად მოახსენა სასამართლოს აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო საკმარისად არ დაინტერესდა აღნიშნულით და განხორციელებული დაკავება არ სცნო უკანონოდ. 

ასევე, როცა მოხდა ვახო ფიცხელაურის დაკავება დაახლოებით 17:00 საათზე, 6 ოქტომბერს, ამ მომენტში არათუ განჩინება, არამედ შუამდგომლობაც კი არ ჰქონდა შეტანილი ბრალდების მხარეს მის მიმართ დაკავების თაობაზე," - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ. 

ცნობისთვის, დღეს, ვახო ფიცხელაურმა სასამართლოში დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა. მას სხვა პირებთან ერთად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

მსგავსი სიახლეები