"მოსამართლეს არ ჰქონდა ვიდეო მასალები ნანახი" - დიმიტრი ვარდიაშვილი

09.10.25 01:12
"მოსამართლეს არ ჰქონდა ვიდეო მასალები ნანახი" - დიმიტრი ვარდიაშვილი

უფლებადამცველი, დიმიტრი ვარდიაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს გამართულ პროცესზე მოსამართლეს ვიდეო მასალა, რომელიც ბრალდების მხარემ მტკიცებულებად წარმოადგინა, ნანახი არ ჰქონდა. 

ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცებულება ნანახი არ ჰქონდა, მოსამართლე მას მაინც დაეყრდნო და 4 ოქტომბერთან დაკავშირებით დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

ჩვენ კითხვა გვქონდა, თუკი ამ ვიდეო მასალებს ასახელებს, სასამართლოს ჰქონდა თუ არა ეს ვიდეო მასალები ნანახი ჩვენგან განსხვავებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ არ ჰქონდა ეს ვიდეო მასალები ნანახი, რომელზეც პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი კანონსაწინააღმდეგო ჩემი დაცვის ქვეშ მხრიდან არ ჩანს, იქიდან გამომდინარე, რომ ნივთის დაზიანების ფაქტი არ არსებობს, შესაბამისად არც მოსამართლისთვის უჩვენებიათ აღნიშნული, თუმცა პროკურორი მაინც აპელირებდა ყველა ბრალდებული შემთხვევაში, იმ მტკიცებულებებზე, რომელსაც ვიდეო მასალა ჰქვია.

დღევანდელ პროცესზე ვიდეო მასალა არ უნახავს მოსამართლეს, შესაბამისად იმ მტკიცებულებებს, რომელიც არ უნახავს, არ იცის მისი შინაარსი, დაეყრდნო, მიიჩნია, რომ აღნიშნული იყო იმის საფუძველი, რომ გამოყენებული ყოფილიყო ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და გაუშვა ეს ადამიანები პატიმრობაში, ჯერ-ჯერობით 2 თვით, მაგრამ დარწმუნებულები იყავით, რომ თუ დასჭირდათ 9 თვესაც გაუწელავენ ამ პროცეს და შემდეგ მრავალი წელიც ჩასვამენ ციხეში. ასეთი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით," - განაცხადა უფლებადამცველმა.

ცნობისთვის, დღეს, მოსამართლე ნანა შამათავამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 5 პირი, ბექა მაჭავარიანი, ვახტანგ ფიცხელაური, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი და სერგო მეგრელიშვილი, პატიმრობაში გაუშვა. 

მანამდე, წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, ევა შაშვიაშვილი, დავით სტურუა, ალექსანდრე გოგოლაძე, დავით ჟღენტი, გიორგი რურუა და კახაბერ მჟავანაძეც.

  • შეგახსენებთ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 35 ადამიანია დაკავებული.

მსგავსი სიახლეები