"არ მინახავს საქართველოს ხელისუფლების რომელიმე ფორმით ჩართულობა" - ტუმასიანი კინოიანის საქმეზე
სომხური თემის წარმომადგენელი და სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ტუმასიანი სომხეთის მიერ გიორგი კინოიანის გათავისუფლებას ეხმიანება და ამბობს, რომ მას არცერთ ეტაპზე არ უნახავს ამ საქმეში საქართველოს ხელისუფლების რომელიმე ფორმით ჩართულობა.
ტუმასიანი აღნიშნავს, რომ საქმეში "არც საელჩოს და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობა არ ჩანს".
მისი თქმით, გიორგი კინოიანის გათავისუფლება ამიერიდან იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთს აღარ გადასცენ.
ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო სომხეთის ხელისუფლებამ, აღიარა, რომ გიორგი კინოიანის და ზოგადად უკრაინაში მებრძოლების, ქართველებზეც ვრცელდება ეს რა თქმა უნდა, გადაცემა რუსეთისთვის არის საფრთხე. ეს პრეცედენტული გადაწყვეტილება არის, რომელიც აწი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ არცერთი საერთაშორისო ძებნილი და მათ შორის, ქართველი მოქალაქეები სომხეთის მიერ, არავითარ შემთხვევაში, გადაცემული არ იყოს რუსეთისთვის.
არცერთ ეტაპზე არ მინახავს საქართველოს ხელისუფლების რომელიმე ფორმით ჩართულობა, არც საელჩოს, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობა არ ჩანს. ამავდროულად, შეიძლება ითქვას, თავად ადვოკატებს მაგალითად არანაირი კომუნიკაცია ჩემი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებასთან არ ჰქონიათ, რაც არის ძალიან ცუდი ფაქტი," - განაცხადა გიორგი ტუმასიანმა.
ცნობისთვის, სომხეთმა გიორგი კინოიანის ექსტრადიციაზე რუსეთში უარი თქვა, რადგან “ეს მისთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა” და გაათავისუფლა.
- 29 წლის გიორგი კინოიანი 2025 წლის 3 სექტემბერს, შუადღისას დააკავეს საქართველოდან სომხეთში გადასვლის შემდეგ. ის მშობლებთან ერთად მიემგზავრებოდა სომხეთში.
- ინფორმაცია ამის შესახებ ოჯახმა გაავრცელა. მასზე რუსეთის ფედერაციას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ბრალდებით.
სომხეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დააკავეს - ვანო საბაშვილია დაკავებული. ცნობილია, რომ საქართველოს საზღვარზე არც მას შეატყობინეს, რომ რუსეთის ფედერაცია მასზე ძებნას ახორციელებდა. მას რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება.