SJC ზვიად რატიანის საქმეზე: ერთჯერადი სილა ვერ აღწევს პოლიციელზე თავდასხმის ხარისხს

09.10.25 12:43
SJC ზვიად რატიანის საქმეზე: ერთჯერადი სილა ვერ აღწევს პოლიციელზე თავდასხმის ხარისხს

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (SJC) დაკავებული პოეტის, ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მინიმალური ინტენსივობის, ერთჯერადი სილა ვერ აღწევს პოლიციელზე თავდასხმის ხარისხს.  

SJC-ის განცხადებით, სილის გაწვნა არ განეკუთვნება იმგვარ აგრესიულ ქმედებას, რომელიც დააზიანებდა ან საფრთხეს შეუქმნიდა პოლიციელის ჯანმრთელობას ან სახელმწიფოს მმართველობითი ფუნქციის შესრულებას. 

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" აღნშნავს, რომ ზვიად რატიანის საქმის განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კონტექსტი, რომელიც წინ უსწრებდა მის ქმედებას, კერძოდ, ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციები და თავად პოლიციის თანამშრომელთა ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ. 

დღეს, 9 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად რატიანის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი პროცესი გაიმართება. სასამართლოს წინაშე ბრალდებული საბოლოო სიტყვით წარდგება, რის შემდგომაც შესაძლებელია მოსამართლე, გიორგი გელაშვილმა განაჩენი გამოაცხადოს.

პროკურატურა ზვიად რატიანს პოლიციის თანამშრომლისთვის სილის გაწვნის გამო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353[1]-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ზვიად რატიანი არ უარყოფს პოლიციელისთვის სახეში სილის გაწვნას, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ზვიად რატიანის ქმედება, როგორც მინიმალური ინტენსივობის, ერთჯერადი სილა ვერ აღწევს პოლიციელზე თავდასხმის ხარისხს.  

სილის გაწვნა, როგორც სპონტანური და სიმბოლური ჟესტი, არ განეკუთვნება იმგვარ აგრესიულ ქმედებას, რომელიც დააზიანებდა ან საფრთხეს შეუქმნიდა პოლიციელის ჯანმრთელობას ან სახელმწიფოს მმართველობითი ფუნქციის შესრულებას. აღნიშნულს ადასტურებს სისხლის სამართლის საქმის მასალებიც. 

უნდა აღინიშნოს, რომ თავად საერთო სასამართლოების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, აგრეთვე მიჩნეულია, რომ პოლიციის თანამშრომელზე ერთჯერადად ხელის დარტყმა არ წარმოადგენს პოლიციელზე თავდასხმას.

მიგვაჩნია, რომ დადგენილ სასამართლო პრაქტიკასთან ერთად, სასამართლომ ზვიად რატიანის საქმის განხილვისას სასამართლომ აგრეთვე უნდა გაითვალისწინოს კონტექსტი, რომელიც წინ უსწრებდა მის ქმედებას, კერძოდ, ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციები და თავად პოლიციის თანამშრომელთა ძალადობრივი ქმედებები პროტესტის მონაწილეების მიმართ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს ზვიად რატიანის ინტერესების დაცვას. სასამართლო განხილვის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით განახლებულ ინფორმაციას," - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები