დაკავებები ღობის საქმეზე - ბათუმელი მედროშის პოზიცია ცნობილია
ოქტომბრის აჯანყებსის საქმეზე დაკავებული ბათუმის აქციებსი მედროშე, ზურაბ ჭავჭანიძე ბრალს არ ეთანხმება. როგორც ადვოკატმა, ნინო ლომინაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ჭავჭანიძე ამბობს, რომ მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
„ზურაბ ჭავჭანიძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტების ხელში ჯგუფურად ჩაგდების მცდელობას ედავებიან, 225-ე მუხლი, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, სასჯელის ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 222-ე მუხლი, რომელიც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას გულისხმობს, სასჯელის ზომად გამოსასწორებელ სამუშაოს, ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა ზურაბ ჭავჭანიძე ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, პირიქით, ის მოუწოდებდა, რომ ძალადობრივი ქმედებები შეეწყვიტათ.
ამ ეტაპზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ გვაქვს. ბრალის დადგენილება მოცულობითია. მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და არანაირი განზრახვა არ ჰქონია, რომ რომელიმე სტრატეგიული ობიექტი ხელში ჩაეგდო",- განაცხადა ნინო ლომინაძემ.
პროკურატურის მტკიცებით, ვლადიმერ გველესიანმა, ნიკა გვენცაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გოჩა ყატაშვილმა, გურიელ ქარდავამ, ზურაბ ჭავჭანიძემ, კონსტანტინე კოკაიამ, სულხან აბრალავამ, ბექა ქელეხსაშვილმა და გიორგი კირვალიძემ, სხვა პირებთან ერთად, ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და შეიჭრნენ ეზოში.
ჭავჭანიძეს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.