თბილისში ჩამოსული ევროპარლამენტარები მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
თბილისში ჩამოსული ევროპარლამენტარების არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის ნაწილი დასრულდა.
მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეხვედრაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, ყველა თანხმდება, რომ უვიზო მიმოსვლა არა მთელი ქვეყნის მოსახლეობას, არამედ ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელ პირებს უნდა შეუჩერდეთ.
საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ თუ ევროკავშირი მთლიანად კონსესუსით ვერ შეძლებ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას და სანქციების დაწესებას "ოცნების" წარმომადგენლებისთვის, შესაძლებელია "ცალკეულმა წევრებმაც მიიღონ გარკვეული გადაწყვეტილებები". თუმცა მისი თქმით, შეხვედრისას ძირითადად ევროკავშირის პოლიტიკაზე ისაუბრეს.
ვესაუბრე ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც და ვუთხარი, თუ რამდენად უარყოფითად იქნება აღქმული აქ საქართველოში, თუ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდება მოქალაქეებისთვის.
ისინიც განიხილავენ ამას, მე ვერ გეტყვით ხვალ იქნება, ზეგ იქნება, რაღაცა სია იქნება, თუ რა იქნება, მაგრამ არსებობს უკვე ამაზე მზაობა და ძალიან კარგად ესმით, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ კონკრეტულ პირებს, ეს იქნებიან თანამდებობის პირები, დანაშაულის ჩამდენი პირები, თუ მხარდამჭერები, ამ სისტემის შემოქმედები და არა საზოგადოება მთლიანად.
თუ ვთქვათ ასე ვერ ხერხდება კონსესუსით ევროკავშირის მხრიდან, შეიძლება ცალკეულმა წევრებმაც მიიღონ გარკვეული გადაწყვეტილებები. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო ვესაუბრეთ ევროკავშირის პოლიტიკაზე, მათ შორის აღმასრულებელი სისტემის და ნაწილის მიერ პოლიტიკაზე, იმ ხარვეზებზე, რასაც ჩვენ ვხედავთ და დაგვპირდნენ, რომ ამ საკითხებს მოიკითხავენ, დასვამენ შეკითხვებს და მიაქცევენ ყურადღებას," - განაცხადა ლომჯარიამ.
სოროსის ფონდის წარმომადგენლის, ხატია ჯინჯიხაძის განცხადებით, ევროპელ პოლიტიკოსებს არ უნდათ უვიზო რეჟიმი მთელ ქვეყანას შეუჩერდეს, ამიტომ "სწორ გზებს ეძებენ".
არ უნდათ მათ, რომ უვიზო რეჟიმი შეჩერდეს მთლიანად საქართველოს მოსახლეობისათვის და ეძებენ სწორედ იმ გზებს, რომ დაუმიზნონ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან გადაწყვეტილებების მიმღები და პასუხისმგებელი უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხესთან," - ამბობს ხატია ჯინჯიხაძე.
ჯგუფ "დაიტოვეს" დამფუძნებელმა, ილია ღლონტმა იმედი გამოთქვა, რომ სავიზო რეჟიმის დაწესებისა და სანქციების სიაში არა მარტო მთავარი პირები, არამედ "შემსრულებლებიც" მოხვდებიან.
კონკრეტულ მექანიზმზე, ერთზე რაზეც არის საუბარი ახლა არის ინდივიდუალური არშეშვება სხვადასხვა "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირების ქვეყანაში. მათ შორის, იმედი გვაქვს, რომ ეს სია იქნება ფართო. ვგულისხმობ, რომ უბრალოდ მხოლოდ მთავარი პირები კი არა, არამედ ვინც არიან შემსრულებლები, "ოცნების" აქტიური წევრები," - განაცხადა ილია ღლონტმა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი, ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, რომ სანქციები და უვიზო მიმოსვლის აკრძალვა მიღებული უნდა იყოს, მათ მიმართ, ვინც ასეთი სიტუაცია შექმნეს საქართველოში.
საქართველოში არსებულ ვითარებას, რომელიც შეიქმნა ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით, სამოქალაქო საზოგადოების კუთხით, მედიის კუთხით, მთლიანად ზოგადად იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულია ფაქტობრივად დიქტატორული რეჟიმი, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო და ყველა ინსტიტუტი ერთი ადამიანის კონტროლის ქვეშ და უშუალოდ მისი დიქტატით იმართება და როდესაც უკვე ღიად არის გაცხადებული, რომ საქართველოში დაიხურება პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედია.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მიღებული, სანქციებიც, უვიზო მიმოსვლის აკრძალვაც, ოღონდ არა მთლიანად საქართველოს ხალხის მიმართ, რომელსაც არაფერი დაუშავებია, არამედ მათ მიმართ, ვინც ასეთი სიტუაცია შექმნეს საქართველოში, ვგულისხმობ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას, ელიტას, მათ პარლამენტარებს, მთავრობის წევრებს და სხვა ინსტიტუტების წევრებს, რომლებიც ღიად ასრულებენ "ოცნების" ნებისმიერ მითითებას და დაკვეთას," - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
ასევე, თბილისში ჩამოსული ევროპარლამენტარები ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და აქტივისტებს შეხვდებიან.
მათ არცერთი შეხვედრა არ აქვთ დაგეგმილი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან.