შინჯიკაშვილის მამას "ტვ პირველის" ჟურნალისტის ცემის საქმეზე 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

09.10.25 16:29
შინჯიკაშვილის მამას "ტვ პირველის" ჟურნალისტის ცემის საქმეზე  3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამას, რომელიც ტვ "პირველის" ჟურნალისტს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, რითაც ბრალდების მხარის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. 

ტვ "პირველის" ჟურნალისტისთვის და ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და მათზე ძალადობის ფაქტი მიმდინარე წლის 12 მაისს მოხდა. 

ამ დღეს "პირველების" გადამღები ჯგუფი მარტყოფში, შინჯიკაშვილის სახლთან, მის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გასარკვევად იმყოფებოდა, რა დროსაც  გადამდგარი ვიცე-გუბერნატორის მამამ ჟურნალისტს წაართვა პირადი მობილური ტელეფონი და ფიზიკურად გაუსწორდა მარიამ მაკასარაშვილს. კაცმა არხის ოპერატორ ნუკრი ქაფიაშვილს კამერაც წაართვა, რომელიც დააზიანა.

პროკურატურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან)  მიმდინარეობს , რაც სასჯელის სახედ და ზომად, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები