კანონმორჩილი ვიყავი მთელი ცხოვრება, ჩემთვის ძალადობა მიუღებელია - შემიძლია ვთქვა, რომ სიყვარულის დესპანი ვარ - ზურაბ ჭავჭანიძე
კანონმორჩილი ვიყავი მთელი ცხოვრება, ჩემთვის ძალადობა მისაღები არაა. შემიძლია ვთქვა, რომ სიყვარულის დესპანი ვარ, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენების ფაქტზე დაკავებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ, ე.წ. მედროშემ განაცხადა.
მას შემდეგ, რაც მან ბრალდების მხარის შუამდგომლობა მოისმინა, რომლის მიხედვითაც, პროკურატურა ყველა დაკავებულის მიმართ პატიმრობას ითხოვს, ჭავჭანიძე ფეხზე წამოდგა და თქვა:
„კარგით, რა კარგით რა, ჩემი ცხოვრების განმავლობაში სრულად წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ძალადობის, მთელი ცხოვრების განმავლობაში კანონმორჩილ პატიოსან ადამიანად ვითვლები, არანაირად ჩემში არ ზის, რომ ვე ვიყო მოძალადე, ამას როცა მეუბნებიან, როგორ აღვიქვა მე....
ხო მაგრამ არ უნდა შეისწავლონ ჩემი პიროვნება? პირადად ჩემთან იყო მოსული ადამიანი და მითხრა შენ კარგი ადამიანი ხარო, ჩემზე რომ მოძალადე ხარო ვინმე იტყვის, ჯობია მოძალადეობა დამაბრალონ".
მოსამართლე: ემოციები მოთოკეთ, ძალიან გთხოვთ, პროცედურა არსებობს, თქვენც მოგისმენთ და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას.
46 დაკავებული ბოლო ხუთ დღეში - „4 ოქტომბრის საქმეზე“ სასამართლოში მორიგი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ვლადიმერ გველესიანის, ნიკა გვენცაძის, მამუკა ლაბუჩიძის, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძის, კონსტანტინე კოკაიას და კობა ეპიტაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.