ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობები ხდება, ეს არ იქნება ბოლო ტრაგედია - ზვიად ცეცხლაძე გოგობერიშვილის სიკვდილზე

10.10.25 17:53
ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობები ხდება, ეს არ იქნება ბოლო ტრაგედია - ზვიად ცეცხლაძე გოგობერიშვილის სიკვდილზე

ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობები ხდება, ეს არ იქნება ბოლო ტრაგედია,  ისინი ყველას მოგვადგებიან - ასე ეხმაურება გლდანის ციხის ყოფილი ხელმძღვანელის დავით გოგობერიშვილის გარდაცვალებას სინდისის პატიმარი, ზვიად ცეცხლაძე.

ციხიდან გამოგზავნილ წერილში, ცეცხლაძე წერს, გოგობერიშვილს პატიმრებთან საუბარიში ხშირად უთქვამს, რომ თუ მას რაიმე უღირსი საქციელის ჩადენას დაავალებდნენ, მაშინ ის ამ თანამდებობაზე აღარ იქნებოდა.

რაც შეეხება ბაჩიაშვილის საკანში ცემის საქმის, როგორც ცეცხლაძე ამბობს, ამის შემდეგ გოგობერიშვილმა ერთ-ერთ პატიმარს უთხრა, რომ მისი უდანაშაულობა ამ ხელისუფლების პირობებში თუ არა, სხვა ხელისუფლების პირობებში მაინც დამტკიცდებოდა. 

დარწმუნებული ვარ, რომ დავითი თავს არ მოიკლავდა და მის ახალგაზრდა შვილებს არ მიატოვებდა. მისნაირი ქართველები თავს არ იკლავენ! - წერს სინდისი პატიმარი ციხიდან გამოგზავნილ წერილში. 

აუცილებლად უნდა ვთქვა ჩემი სათქმელი და სამძიმარი ციხის ყოფილ უფროსზე - დავით გოგობერიშვილზე. პირადად მე არ შემხვედრია პატიმარი, ვინც მასზე აუგს ამბობს. განსაკუთრებული სითბოთი და ყურადღებით გამოირჩეოდა ყველა პატიმრის მიმართ. არ არსებობდა, პატიმრის გაჭირვება გულთან არ მიეტანა და მისი შესაძლებლობის ფარგლებში მყისიერად არ ემოქმედა. შევხვედრილვარ ბევრჯერ და მქონია ხანგრძლივი საუბარი. გვიმსჯელია ქვეყნის წარსულსა და მომავალზე. შეეძლო ნებისმიერი აზრის მოსმენა და რეალურად გვგულშემატკივრობდა. მისი ყველაზე ხშირი ფრაზა იყო - “შენი ადგილი ციხეში არ არის”. ასე ეუბნებოდა სხვა სინდისის პატიმრებსაც. 
ჩემი შეხედულებით, ღირსეული ადამიანი და ქვეყნის პატრიოტი იყო. ხშირად უთქვამს, თუ მას რაიმე უღირსი საქციელის ჩადენას დაავალებდნენ მაშინ ის ამ თანამდებობაზე აღარ იქნებოდა. იმდენად ყურადღებიანი იყო, რომ ჩემს მიწოდებულ გაზეთებსაც კი კითხულობდა, რომლის პირველ გვერდს ამშვენებს სიტყვა “რევოლუცია”.

ბაჩიაშვილის საქმეს რაც შეეხება, როგორც ცნობილია, ამ ინციდენტის დროს, დავითი სამსახურში არც იმყოფებოდა. იმაზე არ ვისაუბრებ, რაც არ ვიცი, მაგრამ ფუქსებში პატიმრებს გვისაუბრია, რომ დავითი მსგავსს არ ჩაიდენდა და სავარაუდოდ, საქმე უბრალოდ შეუკერეს. ერთ-ერთ პატიმარს უთხრა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში თუ არა, სხვა ხელისუფლების პირობებში როცა გამოიძიებდნენ ამ საქმეს, დამტკიცდებოდა მისი უდანაშაულობა. ისიც აქვს ნათქვამი, რომ - “ამ ქვეყანაში ყველას უფლება უნდა იყოს დაცული ჩემი უფლების გარდა”. 

როგორც ჩანს, სჯობდა, თავის დროზე უფრო ხმამაღლა გვესაუბრა დავითის პიროვნულ ღირსებებზე. პირადად ამ კუთხით მე სირცხვილის გრძნობა არ მტოვებს. დარწმუნებული ვარ, რომ დავითი თავს არ მოიკლავდა და მის ახალგაზრდა შვილებს არ მიატოვებდა. მისნაირი ქართველები თავს არ იკლავენ!
მივმართავ საზოგადოებას, რომ თვალი გაუსწორონ რეალობას! ჩვენს ქვეყანაში ხდება პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობები! მივმართავ, ასევე, სისტემის წევრებს, ეს რეჟიმი ჩვენ გვიჭერს და თქვენ გკლავთ (განადგურებენ, როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად). 
ეს არ იქნება ბოლო ტრაგედია. ისინი ყველას მოგვადგებიან… სამძიმარს ვუცხადებ ბატონი დავითის ოჯახს, ღრმა მწუხარებით…“, - წერს ზვიად ცეცხლაძე.

N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი დავით გოგობერიშვილი, რომელმაც თანამდებობა  "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის ფაქტის გახმაურების შემდეგ დატოვა, 8 ოქტომბერს ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს.

 

მსგავსი სიახლეები