"თანამდებობა არ მაძლევდა შესაძლებლობას, რომ ბრძანება გამეცა" - ქემოკლიძე
"მყავდა ზემდგომები, თანამდებობა არ მაძლევდა შესაძლებლობას, რომ ბრძანება გამეცა" - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ქემოკლიძემ სასამართლოში განაცხადა.
მისი თქმით, ის ნებისმიერ დროს მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელმაც მივიღე გადაწყვეტილება დამეტოვებინა თანამდებობა, ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ დამდგარიყო ჭეშმარიტება. ეს პერიოდი სულ სახლში ვიყავი და გულში არ გამივლია დაეტოვებინა ქვეყანა ეს ბრალი მოულოდნელი იყო ჩემთვის. ჩემი ფეხით მივედი გამოკითხვაზე. არ ვარ გამქცევი აგერ ვარ სახლში და ბოლომდე ვთანამშრომლობ გამოძიებასთან. რომ მეხვეწონ არ დავტოვებ ქვეყანას შევალიე ცხოვრება ამ ქვეყანას. ერთი საყვედურიც კი არ ყოფილა ჩემ მიმართ ისე ვიმუშავე თანამდებობებზე. სამართალდამცველების ოჯახიდან ვარ 38 წელი ემსახურა სტრუქტურას მამაჩემი. ნებისმიერ დროს მე მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან თუ რამით შემიძლია 40 დღე მქონდა იმისთვის, რომ გავქცეულიყავი.
მე არ ვყოფილვარ იერარქიულად მაღალ თანამდებობაზე რომ რამეზე ზემოქმედება მომეხდინა, მე მყავდა ზემდგომი და კიდევ ზემდგომი. საბურთალოზე მე ნამყოფიც კი არ ვარ ჩვენ დეპარტამენტში 12 წელია ერთად ვმუშაობთ, 20 წელია ვიცნობ ამ ადამიანებს მოწმეებზე ვსაუბრობ. სიზმარში მგონია თავი რაც ბრალი წავიკითხე. ბრალში რაც წავიკითხე გაოგნებული ვარ.
ხელმძღვანელი მყავდა მე ზემდგომები თანამდებობა არ მაძლევდა შესაძლებლობას რომ ბრძანება გამეცა," - განაცხადა ქემოკლიძემ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
გვარაკიძის უწყება ირწმუნება, რომ ქემოკლიძემ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ.
კერძოდ, გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურა ამტკიცებს, რომ გიორგი ქემოკლიძესა და პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილს შორის არსებული წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში სპეციალურად შეასახლეს ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ.
გიორგი ქემოკლიძე ბრალს არ აღიარებს.