სუს-ში ანი ნადარეიშვილის გამოკითხვა დასრულდა - რას კითხვები ჰქონდა უწყებას?

11.10.25 00:23
სუს-ში ანი ნადარეიშვილის გამოკითხვა დასრულდა - რას კითხვები ჰქონდა უწყებას?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბაჩო ახალაიას ცოლის გამოკითხვა დასრულდა. ანი ნადარეიშვილმა შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. მისი თქმით, გამომძიებლებს კითხვები ძირითადად თბილისის მახლობლად ამოთხრილი იარაღის შესახებ ჰქონდათ. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ცოლი განმარტავს, რომ სუს-ში ეკითხებოდნენ ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი იარაღთან და იცნობდა თუ არა ბექა ჭულუხაძეს. 

ძირითადი კითხვა იყო, რაღაცა ტყეში რომ ამოთხარეს კადრები, იმ იარაღთან დაკავშირებით, როგორც ჩვენ მაყურებლებს გვახსოვს ბ.ჭ. იყო ესეთი ნახსენები, ბიძინა ჭორვილელიო მერე იმიტომ დამამახსოვრდა კარგად, ეს ყოფილა ვინმე ბექა ჭულუხაძე. აინტერესებდათ თუი ვიცნობ ამ ადამიანს, თუ მქონია რაიმე შეხება, რაიმე გადაკვეთა, თუ მქონდა ნანახი "TVიმედის" სიუჟეტი და ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არ ვუყურებ რუსულ პროპაგანდისტულ არხებს," - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

ანი ნადარეიშვილის განმარტებით, მას ჰკითხეს იცნობდა თუ არა პაატა ბურჭულაძეს და მურთაზ ზოდელავას. ასევე, სუს-ის წარმომადგენლები დაინტერესდნენ სად იმყოფებოდა ის 4 ოქტომბერს. ბაჩო ახალაიას ცოლის თქმით, პაატა ბურჭულაძე მისი ოჯახის წევრია და შესაბამისად წლებია იცნობს, ხოლო 4 ოქტომბერს სახლში იმყოფებოდა. 

ასევე, აინტერესებდათ თუ ვიცნობ პაატა ბურჭულაძეს და ესეც ძალიან სასაცილო კითხვა არის იმიტომ, რომ ათასჯერ ვთქვით, რომ პაატა ბურჭულაძე არის ჩვენი ოჯახის ნათესავი, ჩემი შვილის ნათლია არის მისი შვილი და ჩემი შვილი არის 25 წლის, ძალიან ბევრი წელია ამ ოჯახს ვიცნობ და ძალიან კარგად ვიცნობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ძალიან მეამაყება ეს. 

არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, მაგას ვეკითხებოდი გამომძიებელს, რომ რომელ ტვინში დაიბადა, ვის დაებადა კითხვა, რომ მე რაიმე შეხება შეიძლება მქონდეს რაღაცა ამოთხრილ იარაღთან, თუმცა იქვე დავუფიქსირე, რომ მე არ მჯერა არანაირი სუს-ის ასეთი დადგმული სპექტაკლების იმიტომ, რომ 13 წლის განმავლობაში ნანახი მყავს ძალიან ბევრი მოწმე, მოსმენილი მყავს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა ზეწოლა, ალაპარაკებდნენ რაც უნდოდათ იმათ, ძალიან ბევრი სუს-ის აგენტი მინახავს ჩვენს გარშემო, შემდეგ გაშიფრული ყველასთვის. ამიტომ არ მჯერა საერთოდ ამათი მასკარადების, ამათი ცირკების, რაშიც იძულებულს მხდიან, რომ მონაწილეობა მივიღო.

არ ვიცი დამიბარებენ თუ არა იმიტომ, რომ თითქოსდა ამოწურეს კითხვები, მაგრამ კიდე ამათ ავადმყოფ ტვინში რა დაიბადება კაცმა არ იცის. 

კი, მკითხეს [პოსტებზე]. მკითხეს, რატომ გავაზიარე, ყველაფერი მაქვს გაზიარებული რაც კი რამე ნიუსი დადებულა, ოღონდ რა თქმა უნდა, არაპროპაგანდისტული მედიის და მათ შორის, მქონდა გაზიარებული ეს კონკრეტული იარაღის ამოღების სქრინი, სადაც ხალხი დასცინოდა და 1 800, თუ 1 400 [კომენტარიდან] 1 100 დასცინოდა და ეს მქონდა გაშარჟებული, რომ დადგეს დრამა და გადაიქცა კომედიათქო, მეც მეცინებოდა და ამაზე რატო გეცინებოდა. მეტი შეხება სხვა არ უხსენებიათ, არ ვიცი. 

კიდევ აინტერესებდათ ვიცნობდი თუ არა პაატა ბურჭულაძეს, ვიცნობდი თუ არა მურთაზ ზოდელავას. 

მკითხეს სად ვიყავი იმ დღეს [4 ოქტომბერს] და მე სახლში ვიყავი იმ დღეს. რა თქმა უნდა მთელი გულით და სულით ვგულშემატკივრობ პროცესს, მეამაყება ყველა ის ადამიანი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, 100 ათასობით ადამიანი, ყველა მეამაყება. მე შეგნებულად არ მივსულვარ იქ იმიტომ, რომ ზუსტად ასეთ ადამიანებს რომ არ გამოეყენებინათ, ასეთი ცირკები რომ არ დაედგათ და არ ესდიათ [პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტებს], რომ ახალაიას ცოლი არის იმიტომ, რომ მანამდე სამი თვის განმავლობაში ვხედავდით როგორ მიმდინარეობდა პროცესები, ყველანაირად ცდილობდნენ მოეწებებინათ ჩვენთვის ხან ჰექსოგენით, ხან პარლამენტის მაკეტით, ამიტომ შეგნებულად არ წავსულვარ, თუმცა მთელი სულით და გულის ვგულშემატკივრობ. 

მკითხეს თქვენ თუ გადასცემდით რაიმე ინფორმაციას ვინმეს და მერე თუ გადასცემდით მეუღლესო. ანუ რაღაც აგენტ-შუამავალი ხომ არ იყავიო...

მთელი ცემი ოჯახი გაატარეს ამ უბედურებაში, ჩემი ძმაც იყო დაჭერილი, სახლში ჩხრეკებიც იყო, ყველაფერი გავიარე და ყველაფერი ნანახი მაქვს. ამიტომ საერთოდ არ მიკვირს ეს ყველაფერი, უბრალოდ 13 წლის შემდეგ კიდევ რომ არ აძლევენ ადამიანებს სიმშვიდის საშუალებას, კიდევ რომ პროპაგანდისტული არხებით ცდილობენ გაგაშაონ, ბუად გამოგიყვანონ და რაღაცას მიგაწებონ და ამით გააშავონ ეს ყველაფერი, უბრალოდ ძალიან გულდასაწყვეტია, მეტი არაფერი," - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა. 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებიან, რომ თბილისთან ახლოს, ტყის მასივში, აღმოჩენილია საბრძოლო მასალა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, რომელის გამოყენებითაც მდინარაძის უწყების მტკიცებით,   4 ოქტომბერს "დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო".

როგორც სუს- ში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, საქართველოს მოქალაქემ, ვინმე ბ.ჭ -მ შეიძინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები.

შეგახსენებთ, რომ დღეს, კრიმინალურ პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია. 

 

მსგავსი სიახლეები