სასახლის ღობის საქმე - სასამართლო 8 დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს
სასახლის ღობის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლის გადაწყვეტილებას 8 ადამიანი ელოდება, მათ შორის არის მუსიკოსი და კრეატიული დიზაინერი ია დარახველიძე.
ამირან დოლიშვილის, ირაკლი ჩხვირკვიას, გიორგი ქორქიას, ზაქრო ალბუთაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე მოსამართლე ეკა ბარბაქაძე მსჯელობს.
ხოლო ავთანდილ სურმანიძის, ხვიჩა გოგოხიას, რამაზ მამულაძის, ია დარახველიძის აღკვეთის ღონისძიებაზე მოსამართლე - თემურ გოგოხია.
პროკურატურა ყველა პირის მიმართ პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი გირაოს შუამდგომლობის დაყენებას აპირებს
დაპატიმრებული აქტივისტების ადვოკატები სხდომათა დარბაზში სამედიცინო დოკუმენტებით შედიან. უფლებადამცველები ამბობენ, რომ დაკავებულებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, რის გამოც მათი პატიმრობა დაუშვებელია.
ირკვევა, რომ არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე ირაკლი ჩხვირკვიას ადვოკატმა ბორის (ჩელე) ყურუამ განაცხადა, საქმის მასალებში მისი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებით დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
„ირაკლის ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას. ის ბრალს არ აღიარებს. დარწმუნებული ვარ, რომ მის წინააღმდეგ არ არსებობს მტკიცებულებები. ჩვენ ვიშუამდგომლებთ იმის შესახებ, რომ აღკვეთის ღონისძიება არ იყოს გამოყენებული. საქმის მასალებში, გადავხედე და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რაც ეხება, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება’-განაცხადა ბორის (ჩელე) ყურუამ.
ცნობისთვის, გუშინ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 17 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, აქედან 3-ს დაუსწრებლად.
[ფოტო: ლევან ზაზაძე]