სასახლის ღობის საქმე - მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ 4-ვე დაკავებული პატიმრობაში გაუშვა
სასახლის ღობის საქმე - მოსამართლე ეკა ბარბაქაძე 4-ვე დაკავებული პატიმრობაში გაუშვა.
ციხეში გაუშვეს მძიმე დიაგნოზის მქონე პენსიონერი პაციენტი, 21 წლის ბიჭი, რომელმაც თქვა, რომ დაკავებისას სცემეს და შეჭირვებული ოჯახის ერთადერთი მარჩენალიც. ორი საათის განმავლობაში დაკავებულები მოსამართლეს არწმუნებდნენ, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ.
განსასჯელის სკამზე - ამირან დოლიშვილი, ირაკლი ჩხვირკვია, გიორგი ქორქია და ზაქრო ალბუთაშვილი ისხდნენ. მათ მიმართ პატიმრობის გამოყენებას სახელმწიფო ბრალდება ითხოვდა.
ამირან დოლაშვილის ადვოკატის, მარიამ შათირიშვილის თქმით, წინასწარი პატიმრობის კონვეიერული სისტემით შეფარდება მოხდა. მისივე განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
„როგორც მოსალოდნელი იყო, მოსამართლემ უაპელაციოდ გაიზიარა, ბრალდების მხარის პოზიცია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო, თითქოს არსებობს რისკები მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების. პროცესზე ინდივიდუალური განხილვა არ ყოფილა, იყო კონვეიერული სისტემით მისჯა წინასწარი პატიმრობის. დარწმუნებული ვარ, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება ჩაგვბარდება, ის დაუსაბუთებელი იქნება, რადგან ბრალდების შუამდგომლობაც დაუსაბუთებელი იყო. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. ჩვენ ბრალდების მხარეს გადავეცით ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაცია, მას ჩატარებული აქვს ქირურგიული ოპერაცია და სჭირდება სისტემატური ყურადღება და მოვლა",- განაცხადა მარიამ შათირიშვილმა.
შემდეგი სხდომა 27 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის , შსს-ს ჯამში 46 პირი ჰყავს დაკავებული. ბრალდებულებს ჯგუფურად ჩადენილ, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.