უკრაინაში ვაპირებდი წასვლას, 3 წელზე მეტია ვიბრძვი ჩვენი საერთო მომავლისთვის - სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული სურმანიძე

11.10.25 14:09
უკრაინაში ვაპირებდი წასვლას, 3 წელზე მეტია ვიბრძვი ჩვენი საერთო მომავლისთვის - სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული სურმანიძე

სასახლის ღობეზე დაკავებული კიდევ 4 დაკავებულის,  ია დარახველიძის, ავთანდილ სურმანიძის, რამაზ მამულაძისა და ხვიჩა გოგოხიას პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული - საქმეს მოსამართლე მზია გარშაულიშვილი იხილავს. 

შესვენებამდე სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ავთანდილ სურმანიძემ, თქვა, რომ ბოლო სამი წელია რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში იბრძვის და ახლაც უკრაინაში წასვლას აპირებდა. რაც შეეხება 4 ოქტომბრის აქციას, ბრალდებულმა თქვა, რომ იმყოფებოდა, თუმცა არანაირ ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია. 

„არავის მოწოდებას არ მივყოლივარ, ჩემ გვერდით მყოფ ადამიანებს არ ვიცნობ. უკრაინაში ვაპირებდი წასვლას, 3 წელზე მეტია, მე აქ არ ვარ და ვიბრძვი ჩვენი საერთო მომავლისთვის. პირველ აგვისტოს საქართველოში ვიყავი, მაგრამ აქციაზე არ ვყოფილვარ მანამდე, შევუერთდი 4-ში, რადგან იყო მშვიდობიანი აქცია. ვიყავი გზად, ვაპირებდი ლაგოდეხში წასვლას და უკრაინაში წასასვლელად რაღაცების ყიდვას. არაფრის მეშინია, ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობ, რომ ასობით კილომეტრი უნდა იარონ ჩემს სანახავად ოჯახის წევრებმა“, - თქვა სასამართლოში ავთანდილ სურმანიძემ.

პროკურატურა ია დარახველიძეს და ავთანდილ სურმანძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დანარჩენებს, ამასთან ერთად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასაც.

პროკურორი ქეთევან სონიძე ყველასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

 

მსგავსი სიახლეები