რისი ჩვენება უნდა "ოცნებას" უკონტროლო დაკავებებით?
უკონტროლო დაკავებები და ღამის რეიდები სახლებში - სამოქალაქო აქტივისტები და ხელოვანები ამბობენ, რომ "ოცნებას" ამ გზით პროტესტის ჩახშობა უნდა.
მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ ეს დაკავებები და მათ შორის აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის დაპატიმრებაც ადამიანებში შიშის გრძნობის გამოწვევას ემსახურება, თუმცა ბუღაძის თქმით, საზოგადოებამ უკვე აჩვენა, რომ მათ არც დაკავებების ეშინიათ და არც რეპრესიების.
ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს 37 წელს და საბჭოთა რეპრესიებს, იმიტომ, რომ 100-ზე მეტი ადამიანია სინდისის პატიმარი და პოლიტიკური პატიმარი და კაცმა არ იცის, კიდევ რას მოიფიქრებენ ეს ბნელი არსებები. რეალურად, ჩვენი აკადემიის პრეზიდენტის დაპატიმრება ამ შემთხვევაში განახორციელეს მათ იმიტომ, რომ ადამიანებში გამოეწვიათ შიშის გრძნობა. ეს არის კიდევ ერთი ბოლშევიკური ნიშანი იმისა, რომ პარტიის ავტორიტეტები არ არსებობს, მაგრამ მოხდა ის, რასაც ესენიც არ ელოდნენ. აღმოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება მზად არის, რომ დაიცვას თავისი შესანიშნავი შვილები და წარმომადგენლები", - ამბობს გია ბუღაძე.