"სიმსივნე აქვს, შეიძლება მისი ციხეში ყოფნა ფატალურად დასრულდეს" - სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულები სააპელაციოს მიმართავენ
სასახლის ღობის საქმე - დაკავებულების ოჯახის წევრები და ადვოკატები სამედიცინო დოკუმენტებს აგროვებენ იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიმართონ და პატიმრობის შეცვლა დაასაბუთონ.
მიუხედავად იმის, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებსაც ჰქონდათ ინფორმაცია, დაკავებულების ჯანმრთელობის და სოციალური მდგომარეობის შესახებ, უმეტეს შემთხვევაში ეს არ გაითვალისწინეს და პატიმრობაში მაინც გაუშვეს.
ზაქრო ალბუთაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაკავებულს აქვს სიმსივნე, ერთი თირკმელი არ აქვს მეორეზეც პრობლემები აქვს, რის გამოც აქვს ტკივილები და აუცილებელია მისი გარეთ ყოფნა.
ჯანმრთელობის ცნობა გადავეცით, ახლა დაველოდებით, რა იქნება. ისტორიას, რა ოპერაციაც აქვს გაკეთებული, მივაწვდით პროკურატურაში. ჩემი მეუღლისთვის ციხეში ყოფნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან შეიძლება ფატალურადაც დაამთავროს, ჯანმრთელობის დიდი პრობლემების გამო, მას მარცხენა თირკმელი ამოღებული აქვს, მარჯვენაზეც აქვს დიდი პრობლემები, ტკივილები აქვს და სულ ტკივილგამაყუჩებლების ქვეშაა, ექიმთანაც ვერ მისულა, სამუშაო გრაფიკის გამო, - ამბობს ეთერ ცალანი, ზაქრო ალბუთაშვილის მეუღლე.
გულის პრობლემებზე საუბრობენ კიდევ ერთი დაკავებულის, კოკაიას ოჯახის წევრები. მათი ინფორმაციით, კონსტანტინეს გულზე ოპერაცია აქვს გაკეთებული და აუცილებელია, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.
ადვოკატმა გადასცა სრული ჯანმრთელობის დოკუმენტაცია მოსამართლეს, თუმცა, დამატებით მოითხოვა გამომძიებელმა, ორშაბათამდე ამ დოკუმენტაციის მოძიება შუძლებელი იყო და ორშაბათს აუცილებლად მივაწვდი. დიდი იმედი მაქვს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაითვალისწინებენ, - აცხადებს ნინო კოკაია.
4 ოქტომბრის შემდეგ დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები, დღეს სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ და აღკვეთი ღონისძიების შეცვლას დაასაბუთებენ.