უნდა იქნას შესწავლილი მასალა, ჩატარდეს ექსპერიმენტი, შეიძლება თუ არა, ღობე ასე გადატყდეს - კახა წიქარიშვილი
იურისტი კახა წიქარიშვილი პრეზიდენტის სასახლის ღობის ექსპერტიზის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, როგორც წესი, რკინა შუაში არ ტყდება, რაც მიანიშნებს, რომ ღობე წინდაწინ იყო დაზიანებული. წიქარიშვილი ამბობს, რომ საჭირო ჩატარდეს ექსპერიმენტი, რომელიც დაადგენს, იყო თუ არა შესაძლებელი ჯებირების ასე გადატეხვა.
შესაძლოა, ეს რკინა იყო წინასწარ გადაჭრილი, ვინაიდან ვისაც რკინასთან ურთიერთობა ჰქონია, მან იცის, რომ რკინა ასეთნაირად არ ტყდება. შესაბამისად, ეს მასალა უნდა იქნას შესწავლილი, რა მასალისგან იქნა დამზადებული ეს ღობე და ჩატარდეს ექსპერიმენტი, შეიძლება თუ არა, ასე გადატყდეს. როგორც წესი, რკინა ტყდება გადაბმულში, შუაში რკინა არ ტყდება. ეს ნებისმიერ გონიერ დამკვირვებელს აღუძრავს სერიოზულ ეჭვებს, -- ამბობს კხა წიქარიშვილი.
იყო თუ არა ღობე, რომლის წაქცევისთვის 40-ზე მეტი ადამიანი ციხეში გაუშვეს, წინასწარ გადაჭრილი - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "შაბათის ეთერმა" მრავალათასიანი ჩანაწერები გაშიფრა და მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, რომ ღობე, სავარაუდოდ, გადაჭრილია და მავთულებით მიბმულია რკინის კონსტრუქციას.