სახელმწიფო გადასულია დასჯაზე და პრაქტიკულად აწარმოებს რეპრესიებს - ნანუაშვილი პატიმრების რეკორდულ ზრდაზე
პატიმრების რეკორდული რაოდენობა ქვეყანაში - ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ამ სტატისტიკას რეპრესიებად აფასებს და ამბობს, რომ “ოცნება“ ხალხის ციხეში გამოკეტვას სწორედ რეპრესიებისთვის იყენებს.
მისი თქმით, სასამართლოს შეუძლია და ამის საშუალებას ქართული კანონმდებლობა აძლევს, რომ გამოიყენოს სხვადასხვა ფორმა პატიმრობის ნაცვლად, მათ შორის გირაო, ან სამაჯური, თუმცა, მოცემულობა ასეთია, რომ დაკავებულებს მოსამართლეები პირდაპირ ციხეში უშვებენ.
ის რომ რეალურად სისხლის სამართლის პოლიტიკა შეიცვალა ქვეყანაში, მეტი ადამიანი იდევნება, მათ შორის ნარკოდანაშაულისთვის, ეს არის სწორედ იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, ნაცვლად იმისა, რომ მოაგვაროს პრობლემა, ის გადასულია დასჯაზე და მაქსიმალურად ძალის გამოყენებაზე. ის პრაქტიკულად აწარმოებს რეპრესიებს და სწორედ ასეთ რეპრესიულ სისტემებში არსებობენ ამდენი პატიმრები. ევროკავშირში, ევროპულ ტერიტორიაზე, პირიქით, წლიდან წლამდე მცირდება პატიმრების რაოდენობა და სწორედ ასეთია ევროპული სტანდარტი, რომ მეტად უნდა იყოს გამოყენებული დასჯის ალტერნატიული არასაპატიმრო მეთოდები, ჩვენ შემთხვევაში პირიქით ხდება, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2015 წლის შემდეგ ამდენი პატიმარი ერთად ციხეში არ ყოფილა. მისი თქმით, ბოლო 8 თვეში ციხის პოპულაცია 17%-ით გაიზარდა.
- 2025 წელს, იანვრიდან თებერვლამდე 1532-ით არის გაზრდილი პატიმართა საერთო რაოდენობა საქართველოში!
- 8 თვეში ციხის პოპულაცია 17%-ით გაიზარდა. 100ით მეტი ქალი და 1432-ით მეტი კაცია ციხეში სხვადასხვა დანაშაულისთვის ბოლო 8 თვეში.
- 2015 წლის შემდეგ არ ყოფილა ამდენი პატიმარი ერთად ციხეში"
- გლდანის ციხეში დასაშვებ ლიმიტზე 432-ით მეტი პატიმარია
- ქსნის ე.წ. ზონაში დასაშვებ ლიმიტზე 251-ით მეტი პატიმარია
- ქუთაისის ციხეში დასაშვებ ლიმიტზე 111-ით მეტი პატიმარია - წერს სოცილაურ ქსელში ბურჯანაძე.