"იაფფასიანი სცენარი" და "შეთქმულების თეორია" - რას ამტკიცებს "ოცნება" პრეზიდენტის სასახლის ღობის სკანდალზე

13.10.25 17:48
"იაფფასიანი სცენარი" და "შეთქმულების თეორია" - რას ამტკიცებს "ოცნება" პრეზიდენტის სასახლის ღობის სკანდალზე

შაბათის ეთერის მიერ გავრცელებული კადრების მიუხედავად, საპრეზიდენტო სასახლის ღობის გადაჭრის ვერსიას "ქართული ოცნება" კატეგორიულად უარყოფს და მას "შეთქმულების თეორიად" და "კონსპირაციად" აფასებს. 

გია ვოლსკი ირწმუნება, რომ სასახლის ღობე არ არის გათვლილი იმაზე, რომ მას ადამიანების მასა დაჯეჯგუროს. 

განა პროვოცირება ხდება 2020 წლიდან არის ყიჟინა იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე მამაკაცური ძალა შეიკრიბოს. ბოლოს შეკრიბეს, 4 ოქტომბერს მამაკაცური ძალა და გაავებულებმა მოუწოდეს შეტევისკენ. არ არის ის ღობე გათლილი იმისთვის, რომ დაეტაკოს გაავებული, გააფთრებული მასა და გადაანგრიოს. ახლა, ღობის დაბალი ხარისხი არ უნდა განაპირობებდეს პოლიტიკურ შეფასებებს. ეს იგივეა, თქვა, რომ დანა ჩავარტყი და მოკვდა იმიტომ, რომ მეგონა, რომ ჯავშანჟილეტი ეცვა და თურმე ეს ჟილეტი არ აცვია, - ამბობს ვოლსკი. 

ღობის გადაჭრის ვერსიას "იაფფასიან სცენარს" უწოდებს ნინო წილოსანი. "ოცნების" წევრი პასუხისმგებლობას ისევ აქციის მონაწილეებს აკისრებს და მათ სტრატეგიული ობიექტის ეზოში შევარდნას ედავება.  

მე არ აგყვებით იაფფასიან სცენარში, სადაც უკიდურესი კონსპირაცია გაქვთ ჩადებული და კიდევ ერთხელ გიპასუხებთ, რომ რა ესაქმებოდათ იმ ადამიანებს და რატომ ეჯაჯგურებდნენ სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტის ღობეს, რა იყო მიზანი და შემთხვევით რაც მიზანი იყო, ის ხომ არ მიიღეს. ანუ შეანგრიეს და გადავიდნენ ტერიტორიაზე. თუ მათ მშვიდობიანი გაპროტესტება და გამოხატვა სურდათ, დამდგარიყვნენ ღობიდან მოშორებით და თუნდაც იმ შემთხვევებშ, როდესაც ღობე ჩამოვარდა, როგორ გაბედეს და გადავიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, რომელიც არის უმაღლესი დაცვის ქვეშ. ამიტომ, თქვენი მთლიანია აბსურდული სცენარი სრულებით წყალში ჩასაგდებია, იმიტომ, რომ რეალურად, რაც იქ ხდებოდა, ეს არის მცდელობა, რომ ძალადობრივად დაემხოთ ხელისუფლება, - ამბობს ნინო წილოსანი.  

ამ ვერსიას "კომიკურს" უწოდებს ლევან მაჭავარიანიც. მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომმ ვიღაცამ ღობე გადაქლიბა, სასაცილოც აღარ არის.  

იმდენად უტოპიურ შეთქმულების თეორიაში ხართ შესული, ეს არის კომიკური. მე არ ვიცი უკვე რა მდგომარეობაში იმყოფება კოლექტიური ნაცმოძრაობა ჯამში, როდესაც უკვე ასეთ შეთქმულების თეორიებში არიან შესული. არ ვიცი, ეცადნონ, რომ ამ შეთქმულები თეორიაში დაარწმუნონ თავისი მხარდამჭერები. ჩვენ იქ ვნახეთ დამხობის მცდელობა, ჩვენ იქ ვნახეთ შევარდნილი ხალხი, რომელიც ძალადობდა და შესაბამისად, ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ ვიღაცამ ღობე გადაქლიბა, სასაცილოც არ არის, - ამბობს ლევან მაჭავარიანი. 

იყო თუ არა ღობე, რომლის წაქცევისთვის 40-ზე მეტი ადამიანი ციხეში გაუშვეს, წინასწარ გადაჭრილი - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "შაბათის ეთერმა" მრავალათასიანი ჩანაწერები გაშიფრა და მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, რომ ღობე, სავარაუდოდ, გადაჭრილია და მავთულებით მიბმულია რკინის კონსტრუქციას.  

მსგავსი სიახლეები