მასწავლებლების დევნა გალში - დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს - დეფაქტო ხელისუფლება იკვლევს, რა კავშირი აქვთ გალში მომუშავე მასწავლებლებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გალში ჯაშუშობის ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს. დეფაქტო განათლების მინისტრი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ადასტურებს, რომ გალში დასაქმებულ პედაგოგებზე გამოძიება დაიწყო.
პროპაგანდის მტკიცებით, გალის რამდენიმე სკოლის დირექტორი და მასწავლებელი ხელფასს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდანაც იღებდნენ.
პლატფორმა "აფხაზთა კრების" ლიდერის, მალხაზ პატარაიას განცხადებით, პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ატარებს გალის მოსახლეობის მიმართ "აპარტეიდი, რასიზმი და სეგრეგაციაა".
პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ატარებს გალის მოსახლეობის მიმართ, ეს არის აპარტეიდი, რასიზმი და სეგრეგაცია ანუ იქ ქართველი მოსახლეობა იჩაგრება და არის უუფლებო. იმისთვის, რომ ეს მოსახლეობა ამყოფონ თავისი დისკრიმინაციული პოლიტიკის ქვეშ, პერიოდულად ჭანჭიკებს უჭერენ. სავარაუდოდ, ჭანჭიკების მორიგ მოჭერასთან გვაქვს საქმე იმიტომ, რომ რაიმემ იქ არ გაიფაჩუნოს რუსების საწინააღმდეგოდ," - ამბობს მალხაზ პატარაია.
ორგანიზაცია "დევნილები დევნილებისთვის" თავმჯდომარე, ირაკლი ტორუა აღნიშნავს, რომ ყოველთვის, როდესაც საქართველოში ანტი-რუსული პროცესები მიმდინარეობს, გალის მიმართულებით "მსგავს გააქტიურებას ვხედავთ".
ყოველთვის, როდესაც რუსეთი გრძნობს საკუთარი პოზიციების რყევას საქართველოში და მიმდინარეობს პროცესები, რაც პირდაპირ არის ანტი-რუსული საქართველოში, ყოველთვის ვხედავთ გააქტიურებას გალის მიმართულებით. ესე არის, როდესაც გალიდან გადმოდიან აქ მიტინგზე მონაწილეობის მისაღებად, დაბრუნებულებზე აღმოაჩენენ, რომ რაღაც პრობლემები აქვთ, აკავებენ ჯაშუშობის ბრალდებით და ა.შ., არჩევნებისთვის კეტავენ ხიდს და არ უშვებენ ხალხს, რომ გადმოვიდნენ არჩევნებზე," - განაცხადა ირაკლი ტორუამ.
მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ასეთ ვითარებაში სუს-ის და სხვა უწყებების დუმილი ოკუპანტის სასარგებლოდ მუშაობს.
მიმდინარეობს შეუქცევადად როგორც უფლებების აყრა ეთნიკური ქართველებისთვის, ასევე ანექსიის პროცესი რუსეთის მხრიდან. ამ ვითარებაში, როდესაც არანაირი განცხადება არ გაუკეთებია არც სუს-ს და არც შესაბამის უწყებებს, შალვა პაპუაშვილს, რომელიც დილით რომ იღვიძებს ზიზღს აფრქვევს იმ დასავლეთის წინააღმდეგ, რომელზეც იდგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისინი არიან კრემლის რეჟიმი და ფუნდამეტური უფლებების დარღვევის პროცესში მათი უმოქმედობა და დასავლეთის წინააღმდეგ იერიში სწორედ ამ პროცესს უწყობს, ოკუპანტის სასარგებლოდ ხელს," - ამბობს თეონა აქუბარდია.