გაასაჯაროეთ კადრები! - ევა შაშიაშვილის ადვოკატი პენიტენციურს პასუხობს

14.10.25 11:27
გაასაჯაროეთ კადრები! -  ევა შაშიაშვილის ადვოკატი პენიტენციურს პასუხობს

 

 

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ევა შაშიაშვილის ადვოკატი პენიტენციური სამსახურის განცხადებას პასუხობს და მოუწოდებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის კადრები გაასაჯაროოს.

ინტერესების დამცველი ირწმუნება, რომ შაშიაშვილი ნამდვილად არაადამიანურ პირობებში იმყოფება და ამას ცხადყოფს, შეხვედრის ამსახველი ვიდეოკადრებიც. 

ამასთან, ადვოკატი მარიამ გაბრიჭიძე ამბობს, რომ ევა შაშიაშვილის შშმ შვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დედა გარეთ იყოს, რადგან მას განსაკუთრებული ზედამხედველობა ესაჭიროება.  

მას ეცვა თავისზე რამდენიმე ზომით დიდი ტანსაცმელი. ეს არის შარვალი და ქურთუკი და ფეხსაცმელი იყო აბსოლუტურად დახეული. მითხრა, რომ პრობლემა ჰქონდა დაბანასთან დაკავშირებითაც და როგორც იქნა, მისცეს ამის საშუალება და მოწესრიგდა, თუმცა გამოსაცვლელიც კი არ ჰქონდა და დადიოდა პლედშემოხვეული, რომ ტანსაცმელი გაეშრო და შემდეგ გამოეცვალა. 

როგორც მაცნობეს, იუსტიციის სამინისტროს გაუვრცელებია განცხადება, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. შეუძლიათ, გაასაჯაროონ გუშნდელი 5 საათიანი კამერა, როდესაც ის იყო გამოყვანილი ჩემთან.

მის ქალიშვილს სასიცოცხლოდ სჭირდება დედის დახმარება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი გარეთ ყოფნა, ამიტომ ის ფიქრობს, რომ შევთავაზოთ გირაო სასამართლოს, - ამბობს ინტერესების დამცველი. 

გუშინ მოქალაქ თამარ იარაჯულმა ევა შაშიაშვილის ადვოკატზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებული ქალი საპატიმროში არაადამიანურ პირობებში იმყოფება: აცვია დიდი ზომის ტანსაცმელი, არ აქვს ფეხსაცმელი და შეზღუდული აქვს შხაპით სარგებობის საშუალება.

აღნიშნული ინფორმაცია დღეს უარყო პენიტენციურმა სამსახურმა და ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა.  

მსგავსი სიახლეები