არ დავდუმდები, არ ვაპირებ ბიძინა ვაქო! - მამა დოროთე ანდრია ჯაღმაიძეს პასუხობს
ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარის პასუხი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელ, დეკანოს ანდრია ჯაღმაიძეს - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რომელიც პროევროპული აქციების მხარდამჭერია და საპატრიარქოს დუმილს ძალადობაზე ღიად აკრიტიკებს, ანდრია ჯაღმაიძე ზნეობრივ კომისიაზე ხუთშაბათს იბარებს.
როგორც ყურაშვილმა "ტვ პირველს" განუცხადა, თუ მის განცხადებებთან დაკავშირებით მღვდელმთვარებს კითხვები აქვთ, შეუძლით სინოდის სხდომა მოიწვიონ, სადაც ყველა დეტალზე მაღალი იერარქების წინაშე ისაუბრებს. რაც შეეხება ზნეობრივ კომისიას, ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარი ამბობს, რომ კომისიაზე, სადაც დეკანოზი ჯაღმაიძე მის დასჯას აპირებს, მისვლას არ აპირებს.
"მამა ანდრიას ვეტყვი, საკუთარი თავი გამოასწოროს" - ამბობს არქიმანდრიტი.
სასულიერო პირის განმარტებით, ის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვერ გაჩუმდება და ვერც "ოცნების" და ივანიშვილის ქებას დაიწყებს, როგორც ეს ამას საპატრიარქოს რიგი წარმომადგენლები აკეთებენ.
იმ კომისიაში, სადაც მამა ანდრია არის, არ შეიძლება ჩემი მისვლა, რადგან ის ჩემთან პირიდაპირ არის დაპირისპირებული, ჩემს დასჯას აპირებს და თან გამოსასწორებულად. მე მამა ანდრიას ვეტყვი, რომ თავისი თავი გამოასწოროს და ჩემს გამოსწორებას დაანებოს თავი. რაც შეეხება კომისიას, ეს კომისია არის ზნეობრივი კომისია. მე ზნეობრივი გადაცდომა არ მქონია. ჩემი საჯარო განცხადებები თუ თქვენ არ მოგწონთ, მაშინ მომმართეთ წერილობით. თუ არასწორია, უნდა განიხილოს სინოდალურმა კომისიამ და არა ანდრია ჯაღმაიძემ. მე მაგის კომპეტენციაში ეჭვი მეპარება, რომ მან საერთოდ იცის ქრისტიანობა.
მე არა ვარ მოვლენილი ერის მოსანათალად. მე ერს ვუცხადებ ჭეშმარიტებას და მართალი ხალხის გვერდით ვდგავარ. ამას მე მღვდლობითაც გავაკეთებ და მღვდლობის გარეშეც გავაკეთებ. ძალიან უნდა მამა ანდრიას რომ გავჩუმდე, მაგრამ ვერ გამაჩუმებს. უნდა ბიძინა და მთავრობა ვაქო, როგორც თვითონ აქებენ და დავდუმდე ბიძინას პატრიარქის მიმართ გინებზე, მაგრამ არ დავდუმდები, დისციპლინარული გადაცდომა მას აქვს ბევრი და რაც უნდა ის გააკეთონ. ქრისტემ უთხრა იუდას, როცა იუდას გაცემა ჰქონდა გადაწყევტილი, მიდი და გააკეთეო, რაც ჰქონდა ჩაფიქრებული, მეც იგივეს ვეტყვი - მიდი და გააკეთე, რაც ჩაიფიქრე", - ამბობს მამა დოროთე.
არქიმანდრიტი "პირველებთან" ასევე სკანდალურ ინფორმაციას აჟღერებს, ამბობს, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა არჩევნებამდე პატრიარქის სახელით გამოაქვეყნა წერილი, სადაც ნათქვამი იყო რომ სამღვდელოება არ შეიძლება მხარე იყოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მამა დოროთე აცხადებს, რომ პატრიარქის სახელით გამოქვეყნებულ წერილს პატრიარქის ბეჭედი არ ჰქონდა.
"ამას მამა ანდრია ჯაღმაიძე სპეციალურად აკეთებს, მას უნდა რომ ხალხი დააპირისპიროს პატრიარქთან" - ამბობს სასულიერო პირი
მამა ანდრია ჯაღმაიძემ არჩევნებამდე საპატრიარქოს სახელით გამოაქვეყნა წერილი, სადაც ის წერს, რომ არ შეიძლება სამღვდელოება იყოს მხარე. ამ წერილს არ ჰქონდა პატრიარქის ბეჭედი და საინტერესოა, რატომ გამოაქვეყნეს პატრიარქის სახელით, უნდა გამოექვეყნებინა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სახელით, მაგრამ იცოდა, რომ ხალხი ამას დაუპირისპირდებოდა. ხალხმა არ იცის, რომ ეს არ იყო პატრიარქის და ხალხი აგინებდა და შეურაცხყოფდა პატრიარქს. ამას მამა ანდრია ჯაღმაიძე სპეციალურად აკეთებს, მას უნდა რომ ხალხი დააპირისპიროს პატრიარქთან და მერე თქვან, რომ პატრიარქს არიან დაპირისპირებულები. ამას აკეთებს ანდრია ჯაღმაიძე თვითონ", - ამბობს არქიმანდრიტი.
მღვდელს, რომელმაც 4 ოქტომბრის მოვლენების დროს ხალხი არ მიატოვა, განმარტებებისთვის ეპარქიის სხდომაზე იბარებენ. განცხადება ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა და თქვა, რომ მამა დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოში ხუთშაბათს უნდა გამოცხადდეს. ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც თამამი ქადაგების ავტორ სასულიერი პირს ანდრია ჯაღმაიძე იბარებს.