მესამე სექტორი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ საჩივრის შესატანად ემზადება

14.10.25 13:36
მესამე სექტორი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ საჩივრის შესატანად ემზადება

მესამე სექტორის წარმომადგენლები "ქართული ოცნების" წინააღმდეგ საჩივრის შესატანად ემზადებიან. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ თუ ივანიშვილის გუნდის მიერ ინიცირებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებები ძალაში შევა, ისინი კანონპროექტს გაასაჩივრებენ. 

მესამე სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ახალი კანონპროექტით, "ქართული ოცნება" ცდილობს პროტესტის ნებისმიერი ფორმა აკრძალოს. 

ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში დაანონსებული ცვლილებები "კიდევ ერთი დრაკონული საკანონმდებლო პაკეტია" და სისხლის სამართლებრივი ჩარევაა გამოხატვის თავისუფლებაში. 

უფლებადამცველი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" პროტესტის კრიმინალიზებას ახდენს. 

რეალურად ეს არის კიდევ ერთი დრაკონული საკანონმდებლო პაკეტი და ჩვენ ბოლო წელიწადნახევარი, ორი წლის მანძილზე ვადევნებთ არა მხოლოდ პოლიტიკური კურსის ცვლილებას, არამედ ავტორიტარული, დიქტატორული, ტირანული კანონმდებლობის ჩამოყალიბებას ჩვენ ქვეყანაში. ამას არაფერი სამართალთან კავშირი არ აქვს. ფაქტობრივად, პროტესტის გამოხატვა უდრის პატიმრობას, ეს უკვე სისხლის სამართლებრივი ჩარევაა გამოხატვის თავისუფლებაში, თუნდაც მოექცეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

მაგრამ, ამაზე არ ჩერდებიან და  ამბობენ, რომ თუ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა რამდენიმე გზის იქნა ჩადენილი, უკვე სისხლისსამართლებრივი პროცედურები იქნება წამოწყებული. ეს ნიშნავს, რომ პროტესტის კრიმინალიზებას ახდენენ. 

ეს არის ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს ქუჩის პროტესტის გამოხატვაში უშლის ხელს," - ამბობს ბექა ბასილაია. 

იურისტი ნიკა სიმონიშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი წესები, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია სახელმწიფოს თანხმობით უნდა მოხდეს, რუსეთის კანონებს იმეორებს. 

ასეთი წესები, რომ სახელმწიფოს თანხმობით უნდა მოხდეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია, მხოლოდ, შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ასეთი გვაქვს რუსეთში. 

ეს პროტესტი არის წყალგამყოფი, რომლის შემდეგაც უბრალოდ "ქართული ოცნება" შეძლებს იმას, რომ ნებისმიერი პროტესტი, არ აქვს მნიშვნელობა ეს სოციალურ საკითხზე იქნება, თუ პოლიტიკურ საკითხზე იქნება, ნებისმიერი პროტესტი უბრალოდ კანონგარეშედ გამოაცხადოს. რეგულაციები ისეთ შინაარს იძენენ, რომ პოლიციელის, მისი უფროსის შეხედულებაზე იქნება დამოკიდებული კანონიერად ჩაითვლება თუ არა შეკრება," - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა. 

საარჩევნო საკითხების ექსპერტი, ნინო დოლიძე ამბობს, რომ "ოცნების" მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია, საქართველოს კანონმდებლობის გაუარესების მიმართულებით. 

ისეთი ცვლილებები, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ "ქართლი ოცნების" მხრიდან წინააღმდეგობაში მოდის, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციასთან იმიტომ, რომ გამოხატვის თავისუფლებისთვის, შეკრების თავისუფლებისთვის პირველ ჯერზე 15 დღით და შემდეგ უკვე 1 წლით დაპატიმრება, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის პროტესტს ქვეყანაში, იქნება ეს დემოკრატიულ საკითხებთან დაკავშირებით, თუ სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. 

ეს, რა თქმა უნდა, არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი, საქართველოს კანონმდებლობის გაუარესების მიმართულებით, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რომ ამის მთავარი მიზანი არის, რომ ქვეყანაში აღარ გაგრძელდეს პროტესტის, რომელიც, სავარაუდოდ, ძალიან აწუხებს "ქართულ ოცნებას", - ამბობს ნინო დოლიძე. 

  • ცნობისთვის, ცვლილებების მიხედვით, სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
  • ასევე, ახალი ცვლილებებით, იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
  • ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისგება დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცვაი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას, ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე. 

მსგავსი სიახლეები