რა გზები არსებობს, რომ რუსეთმა საქართველოს კომპენსაცია გადაუხადოს?

14.10.25 16:14
რა გზები არსებობს, რომ რუსეთმა საქართველოს კომპენსაცია გადაუხადოს?

რა გზები არსებობს, რომ რუსეთმა საქართველოს ის კომპენსაცია გადაუხადოს, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ დააკისრა - საიას ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის შექმნაზე საუბრობს.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა აღარაა, საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდი რუსეთის მიმართ ამ და მანამდე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას შეუწყობდა ხელს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს  რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დააკისრა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანთა უფლებების მასშტაბური დარღვევების გამო, რაც კავშირშია ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესთან. 
ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აყენებს დღის წესრიგში საკითხს, როგორ უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების აღსრულება, როდესაც რუსეთი ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა აღარაა. ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის შექმნა იყოს, რომელიც რუსეთის მიმართ ამ და მანამდე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას შეუწყობდა ხელს. 
საიამ ჯერ კიდევ 2024 წლის დასაწყისში მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ მიმართულებით საერთაშორისო ადვოკატირების საჭიროების შესახებ. თუმცა, მიმართვას არ მოჰყოლია რაიმე შედეგი", - წერს ქურდოვანიძე. 

ცნობისთვის, განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. გადაწყვეტილება დღეს, სტრასბურგის სასამართლომ გამოაცხადა. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო წერს. 

კერძოდ, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.

მსგავსი სიახლეები