"საოკუპაციო ზოლთან არის ჩვეულებრივ ლეკიანობა, ადამიანებს იტაცებენ" - ხმა საოკუპაციო ხაზიდან

14.10.25 17:47
"საოკუპაციო ზოლთან არის ჩვეულებრივ ლეკიანობა, ადამიანებს იტაცებენ" - ხმა საოკუპაციო ხაზიდან

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანებიან, რომლის მიხედვითაც რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

მათი თქმით, ომი მათთვის ისევ არ დასრულებულა და საოკუპაციო ხაზთან ცხოვრება ყოველდღიურ საფრთხეს უკავშირდება. 

ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ევროპა უფრო ზრუნავს მათზე, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება. 

ე.ი. ევროპა უფრო ზრუნავს ჩვენზე, ვიდრე ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლება, აი ამის თქმა მინდა ყველაზე4 მეტად. თითქოს მივიწყებულია ეს ომი და ჩვენ არ დაგვვიწყებია. 

რამდენად შეასრულებას ამას რუსეთი და ყველამ იცის, რომ რუსეთი ყველა საქმეში ე.წ. გადამგდების როლს ასრულებს, არ ვიცი რამდენად გადაიხდის, მაგრამ ეს არის ისტორიული კანონზომიერება და სიმართლე, რომელიც აუცილებლად უნდა აღსრულდეს. 

ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გვაძლიერებს ეს ევროპული სტრუქტურები, უწყებები, თუნდაც ამ სასამარლოს სახით," - ამბობს ლია ჩლაჩიძე. 

ელენე კროტენკო აღნიშნავს, რომ საქართველოს რუსეთთან 2008 წლის შემდეგაც მრავალი კვადრატული მეტრი დაკარგა და მათთვის ომი ყოველდღიურად გრძელდება. 

ყოველდღე, ფაქტობრივად, ჩვენ საფრთხეში ვართ აქ იმიტომ, რომ ყოველდღე ხდება ისეთი რაღაცები, რომ უბრალოდ შევეჩვიეთ, სამწუხაროდ. არანაირი რეაგირება არ ხდება მთავრობის მხრიდან, როდესაც იტაცებენ ადამიანებს. ყოველდღე ტერიტორიის დაკარგვა, რამდენი კვადრატული მეტრი დაიკარგა თუნდაც 2008 წლის მერე, ანუ ჩვენ მუდმივად, ფაქტობრივად, ომი არ დასრულებულა, გრძელდება ომი ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ევროკავშირის," - განაცხადა ელენე კროტენკომ.  

ამასთან, პაატა დევიძე აცხადებს, რომ დღეს, "საოკუპაციო ზოლთან არის ჩვეულებრივ ლეკიანობა, ადამიანებს იტაცებენ საკუთარი მიწიდან". 

დღეს, საოკუპაციო ზოლთან არის ჩვეულებრივ ლეკიანობა, ადამიანებს იტაცებენ საკუთარი მიწიდან, საკუთარი ტერიტორიიდან, რამდენიმე უბედური შემთხვევაც მოხდა, სალოცავად ასული [თამაზ] გინტური მოკლეს იმიტომ, რომ ის იყო ქართველი და ის იყო ქართულ ეკლესიაში ასული სალოცავად. გვახსოვს ოთხოზორიას მკვლელობა, გვახსოვს გინტურის. დღეს, საოკუპაციო ზოლთან არ არის სიმშვიდე და ამას მშვიდობა არ ქვია. 

კომპენსაციას რაც შეეხება, იმედია გადაიხდიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცივილიზებულმა სამყარომ და საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომა აგვისტოს ომი ჩვენ არ დაგვიწყია," - ამბობს პაატა დევიძე.

ცნობისთვის, განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. გადაწყვეტილება დღეს, სტრასბურგის სასამართლომ გამოაცხადა. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო წერს. 

კერძოდ, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.

მსგავსი სიახლეები