სრული იზოლაცია და სავარაუდო არადამიანური პირობები - როგორია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მდგომარეობა
46 წლის ევა შაშიაშვილი, რუსთავის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმარი, მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. მისი ადვოკატის განცხადებით, შაშიაშვილი მასთან შეხვედრაზე დახეული ფეხსაცმლით, ბევრად დიდი ტანსაცმლით და ტანზე შემოხვეული პოლიეთილენის პარკით გამოვიდა - ფაქტი, რომელიც ადვოკატის შეფასებით, ცხადად მიუთითებს არაადამიანურ მოპყრობაზე.
პენიტენციური სამსახური ინფორმაციას „დეზინფორმაციას“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ პატიმარს აქვს როგორც ტანსაცმელი, ისე საშხაპე პირობები, ხოლო პოლიეთილენის პარკი აკრძალულ ნივთთა ნუსხაშია. ადვოკატი მოითხოვს, გამოაქვეყნონ კამერის კადრები, რათა დადასტურდეს, როგორ აღმოჩნდა ცელოფანი შაშიაშვილის ტანზე შემოხვეული.
პატიმრის ოჯახი აცხადებს, რომ ევასთან მედიკამენტების გაგზავნაზეც უარი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ქალს მკურნალობა სჭირდება. ახლობლების თქმით, შაშიაშვილს ციხის დატოვება სჭირდება, რადგან მისი შშმ შვილი კლინიკაშია გადაყვანილი და განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს.
ადვოკატის თქმით, შვილი ქალისთვის ყველაზე მტკივნეული თემაა, და ის მუდმივად ითხოვს, რომ მის შვილზე ზრუნვა და ყურადღება არ შეწყდეს.
პარალელურად, უფლებების დარღვევაზე საუბრობს კიდევ ერთი პატიმარი დავით სტურუა, რომელსაც გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და პრეზიდენტის სასახლის პიკეტირებაში სდებს ბრალს. მას გარე სამყაროსთან კომუნიკაცია შეზღუდეს და არ მისცეს საშუალება, შეხვედროდა მშობელს, რომელიც სპეციალურად რეგიონიდან ჩამოვიდა.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.