გაიხაროს მან, ვინც სააკაშვილს ეხმარება, მაგრამ ჩემს შვილიშვილს პრეზიდენტი საქართველოში არ გადმოუყვანია - დაკავებულის ბებია

20.10.21 17:51
გაიხაროს მან, ვინც სააკაშვილს ეხმარება, მაგრამ ჩემს შვილიშვილს პრეზიდენტი საქართველოში არ გადმოუყვანია  - დაკავებულის ბებია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებული გიორგი ნარიმანიძის ოჯახი "პირველებთან" პირველ კომენტარს აკეთებს. ნარიმანიძის ბებია უარჰყოფს პროკურატურის ბრალდებას და აცხადებს, რომ დაკავებულს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ შემოუყვანია. 

იქვე ნინა ნარიმანიძე აღნიშნავს, რომ ყველა მადლობის ღირსია, ვინც სააკაშვილს ეხმარება.

ტრაილერით დადის, მაგრამ მარტო ეგ კი არ არის, იქ სხვა ბიჭებიც არიან. თურქეთშიც დადის, სხვა ქვეყნებშიც...

გაიხაროს იმან, ვინც სააკაშვილს ეხმარება, საქმითაც და სიტყვითაც. მაგრამ ჩემს შვილიშვილს არ გადმოუყვანია სააკაშვილი. ხომ აჩვენეს ტელევიზორში, ვინც გადმოიყვანა? არ გაბედავდა ასეთ რამეს, პატარა ბიჭია - აცხადებს ნარიმანიძის ბებია.

"ტვ პირველმა" მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ფაქტზე დაკავებული კიდევ ერთი პირის ვინაობა დაადგინა. 

32 წლის გიორგი ნარიმანიძე ტრაილერის მძღოლია. ის შიდა ქართლში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ნარიმანიძე ის პირია, ვინც საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის, ელგუჯა ცომაიას, კუთვნილი ტრაილერით თბილისში სააკაშვილი ქვეყანაში ჩამოსვლიდან მეორე დღეს ჩამოიყვანა.