გამოკითხვების სერია 4 ოქტომბრის საქმეზე - მაგისტრი მოსამართლის წინაშე თამარ ჩერგოლეიშვილი იკითხება
გამოკითხვების სერია 4 ოქტომბრის საქმეზე - ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოწმის სტატუსით თამარ ჩერგოლეშვილი იკითხევა. ფედერალისტების ლიდერთან კითხვები პროკურორებს, სავარუდოდ, მის საჯაროდ გაეკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ექნებათ.
ჩერგოლეიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია იყო ჩართული.
როგორც ჩერგოლეიშვილმა სასამართლოში მოწმის საკითხით გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მან ყველაფერი საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით იცის და იმ პოსტებიდან, რაც სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა.
„მოწმედ ვერანაირად ვერ გამოვადგები სასამართლოს იმიტომ, რომ მოწმის სამართლებრივ სტანდარტს არ ვაკმაყოფილებ. მე, როგორც პოლიტიკოსი ყოველთვის ვამხელ იმ მავნებლებს, რომლებიც ისეთ ავანტიურაში ჩაითრევენ ქვეყანას, რაც 4 ოქტომბერს სცადეს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, რომ ბაჩო ახალაია იყო ამ ყველაფერში ჩართული. უბრალოდ, ეს ყველაფერი მე ვიცი საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით. პირველ რიგში, ლევან ხაბეიშვილის, თინა ბოკუჩავას, რაც მთავარია, ანი ნადარეიშვილის, ბურჭულაძის საჯარო განცხადებებიდან და ნებისმიერი გონიერი, საქმეში ჩახედული ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი იმავეს მიხვდებოდა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, თამარ ჩერგოლეიშვილი დარწმუნებულია, რომ ის 4 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის საქმის კურსში იყო.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქმის კურსში იყო. ის, რომ ამ ყველაფერს გაემიჯნა, ზუსტად ამ შიშით არის განპირობებული, რომ ბაჩო ახალაიას დაუკავშირდა ეს ყველაფერი. გაემიჯნა ის ამ ყველაფერს, ცოტა ხანში ბაჩო ახალაიასაც გაემიჯნება. რას ვგულისხმობ და წაიკითხეთ მისი პოსტები, წაიკითხეთ თინა ბოკუჩავას პოსტი, როგორ ეხვეწებოდა, რომ 4 ოქტომბრის ნაცვლად, მხარი მისი „აჯენდისთვის“ დაეჭირა, მერე უყურეთ სააკაშვილი რას აკეთებდა - „ან ახლა, ან არასდროს“ და ა.შ. ოდნავ გონება გაანძრიეთ და იმას დაინახავთ, რასაც მე ვხედავ“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა