როდესაც მიხვდებით, რომ დამკვეთებმა გაგწირეს, მჯერა, გადამალულ იარაღს და ტელეფონს გამოაჩენთ - პროკურორი უძილაურს
როდესაც მიხვდებით, რომ დამკვეთებმა გაგწირეს, მჯერა, გადამალულ იარაღს და ტელეფონს გამოაჩენთ - ამ სიტყვებით მიმართ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ ბრალდებულ გელა უძლაურს და პირდაპირ უთხრა, რომ მისგან მეტ გამბედაობას ელოდა.
- ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე დასკვნით ეტაპზეა. ამ წუთებში სასამრთლო პროცესზე საბოლოო სიტყვით სარგებლობს სახელმწიფო ბრალდების მხარე. ამის შემდეგ სიტყვა უნდა თქვას დაცვის მხარემაც, რის შემდეგად მოსამართლე სათათბიროდ გავა. არ არის გამორიცხული საქმეზე განაჩენი დღესვე გამოცხადდეს.
როგორც ვეფხვაძემ მის დასკვნით სიტყვაში განმარტა, გელა უძილაურს მკვლელობის შემდეგ დაპირდნენ, რომ ყურადღებას მიაქცევდნენ, თუმცა, ასე არ მოხდა.
თქვენ იმ ტელეფონს და იარაღს არ მოიშორებდით, ეს არის ის მტკიცებულება, რომლითაც გახვალთ დამკვეთებზე. მათ მალავთ და როდესაც საბოლოოდ მიხვდებით რომ დამკვეთებმა გაგწირეს გამოაჩენთ. ის არის მტკიცებულება გამოძიებისთვის, რომ ვამხილოთ მკვლელობის დამკვეთები. როცა თქვენ ჩვენება მიეცით, მეგონა, გამბედაობა გეყოფოდათ და სიმართლეს იტყოდით", - ამბობს პროკურორი.
ვეფხვაძის თქმით, თბილისის ცენტრში ჩაცხრილული ჯანგველაძე გელა უძილაურს არასდროს შეხვედრია და მკვლელობაში ბრალდებულის ვერსია, თითქოს მას და ვინმე ბონდარენკოს ჯანგველაძე სკაიპით ესაუბრა და დაემუქრა, უბრალოდ აბსურდია - "ჯანგველაძე უძილაურს ერთხელ შეხვდა და მოკვდა".
ლევან ჯანგველაძე გელა უძილაურს არც არასდროს შეხვედრია, ერთხელ შეხვდა და მოკვდა! ვეძებთ სვეტას - ვეძებთ და არ ვიცით - სად. სერგეი ბონდარენკო - სად წავიდა ეს კაცი. უძილაურს რამდენი ტელეფონი აქვს - არ ახსოვს, რამდენი ნომერი აქვს, არ ახსოვს, სად რჩება, არ ახსოვს, არადა, ჯანმრთელია!... გელა უძილაური საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, სპეცრაზმელია, ბიზნესმენი, პირადი დაცვა, თუ ექიმბაში... ფაქტი სახეზეა, სრული სიცრუე ისაუბრა სასამართლოში... კარგი, სერგეი ბონდარენკო ვერ ვნახეთ, სად არის სვეტა, არის კი სვეტა?"- განაცხადა ვეფხვაძემ.
- შეგახენებთ, რომ გელა უძილაურმა წინა სასამართლოზე მკვლელობა აღიარა. ირწმუნება, რომ ჯანგველაძე შურისძიების გამო პირადი მოტივით მოკლა, მკვლელობის ადგილზე კი ვინმე სვეტასთან ჩაშლილი პაემანის გამო შემთხვევით აღმოჩნდა.
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
- ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა