ქალბატონო ელინა, ახლა გაიღვიძეთ? - ზარქუა ეუთოს თავმჯდომარეს
"ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ეუთოს თავმჯდომარეს კომპეტენცია და კვალიფიკაცია დაუწუნა. მისი თქმით, ოპოზიციასთან შეხვედრების გამართვით და რუსთაველის გამზირზე მისვლით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა "თავი შეირცხვინა".
შერცხვენილი ხართ და თქვენთან ჩვენ არ გვსურს უკვე არანაირი ურთიერთობა, - თქვა ირაკლი ზარქუამ.
ქალბატონო ელინა, ახლა გაიღვიძეთ? 13 წლია მშვიდობიან აქციას ატარებენ რადიკალები, ოპოზიციის წარმომადგენლები, ვინმემ ხელი შეუშალა? რამდენიმე დღის წინ შეჭრის მცდელობა ჰქონდათ და მთავრობის დამხობის. როგორ, ეს ინფორმაცია თუ არ გაქვთ, მაშინ რა არის თქვენი კვალიფიკაცია ან კომპეტენცია? შეურაცხყოფა მიაყენეთ ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს, ამიტომაც ახლა ელაპარაკეთ რადიკალებს, ელაპარაკეთ უსამშობლოებს და ამით დაასრულეთ თქვენი ვიზიტი. კიდევ ერთხელ თავი შეირცხვინეთ. თქვენ დაარღვიეთ ის მანდატი, რა მანდატითაც აქ ჩამოხვედით. და თუ კერძო ვიზიტი გაქვთ, ეს სხვა ვიზიტია და ჩვენ არ შევალთ. შერცხვენილი ხართ და თქვენთან ჩვენ არ გვსურს უკვე არანაირი ურთიერთობა, - ამბობს ზარქუა.
ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადების თანახმად, შეხვედრის გაუქმების მიზეზად ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებთან მისვლა სახელდება.