შენ ხარ მოძალადე, რადგან შენ ძალადობ საქართველოს ეკლესიაზე - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ანდრია ჯაღმაიძეს
"შენ ხარ მოძალადე, რადგან შენ ძალადობ საქართველოს ეკლესიაზე" - ასე მიმართა რუსთაველის გამზირიდან არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძეს და კიდევ ერთხელ გაიმეორა "პირველებთან" რომ ხვალ, ზნეობრივ კომისიაზე მისვალს არ აპირებს.
სასულიერო პირი, რომელიც ხვალ 2 საათზეა დაბარებული კომისიაზე, ამბობს, რომ ჯობია აღნიშნულმა კომისიამ ის მწვალებლობა გამოარკვიოს, რაც საქართველოს ეკლესიაში ვრცელდება.
"ანდრია ჯაღმაიძე ეუბნება მთავრობას, რომ თითქოს მე მოძალადე ვარ, ჩვენ გავაფრთხილეთ და აწი თქვენ დაიჭირეთო" - ამბობს არქიმანდრიტი "პირველებთან".
ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარის თქმით, როგორც არ უნდა დასაჯონ, ის გაჩუმებას არ აპირებს- "თუ არ ვიქნები მღვდელი, ვიქნები ბერი, მე ვერავინ წამართმევს ბერობას".
მამა მიქაელ ბოტკოველმა მე მითხრა, რომ ჩემი სატელევიზიო გამოსვლების გამო ვიყავი დაბარებული და ამის შესახებ იქნება იქ საუბარი. ამიტომ, მე ვუთხარი, რომ ყველაფერი წერილობით მომწერეთ, რადგან მე არ მახსოვს ჩემი გამოსვლები ყველა და თქვენ იქ რაღაცა ამოკრებილს რომ დამახვედრებთ მე თქვენ ვერ გიპასუხებთ. ამიტომ, მე არც უარი მითქვამს და არც კი მითქვამს, მე ვუთხარი, წერილობით მომმართეთ, რა პრეტენზია გაქვთ და მე მზად ვარ გიპასუხოთ.
რაც შეეხება ჩემს იქეთ ბრალდებას, სანამ მე დამიბარებენ, იქამდე უნდა გაარკვიონ ის მწვალებლობა, რომელიც საქართველოს ეკლესიაში ვრცელდება. რადგან მათთვის სწავლება ქრისტეს შესახებ უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩემი სატელევიზიო გამოსვლები და როცა ქრისტეზე სწავლება იგმობა, იმათ ამას უნდა მიაქციონ ყურადღება, მაგრამ მათ მთავრობისგან აქვთ დავალება, როგორც ჩანს, და ამაში ეჭვი არ მეპარება იმიტომ, რომ მამა ანდრია ჯაღმაიძე "იმედის" ტელევიზიაში ამბობს - "დოროთე ნუ ძალადობ" და ამით ეუბნება მთავრობას, რომ თითქოს მე მოძალადე ვარ, ჩვენ გავაფრთხილეთ და აწი თქვენ დაიჭირეთო. მამა ანდრია, მე არ ვარ მოძალადე, მოძალადე ხარ შენ იმიტომ, რომ შენ ძალადობ საქართველოს ეკლესიაზე და ქრისტეს სიტყვაზე, სიმართლეზე და ჭეშმარიტებაზე.
ამიტომ, მე არ მაინტერესებს რას გამოიტანენ ისინი, მე მათგან დავისჯები, არ დავისჯები ჩემთვის უმნიშვნელოა. მე ვერ გამაჩუმებს ვერც სასჯელი და ვერც პატივი, ამიტომ მე თავისუფალი ვარ ყოველგვარი წნეხისგან იმიტომ, რომ მე ვდგავარ ჩემი ერის, ჩემი ქვეყნის და ჩემი ბრწყინვალე ადამიანების გვერდით და მე აქ ვიდგები მღვდლად, თუ არ ვიქნები მღვდელი, ვიდგები ბერად. ბერობას მე ვერავინ ვერ წამართმევს, მე ქრისტეს ბერი ვარ და ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე ქრისტეს ბერი, ჭეშმარიტების მქადაგებელი".- ამბობს არქიმანდრიტი.