შალვა ტაბატაძე: განათლების რეფორმა საქართველოს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს აშორებს
განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი განათლების რეფორმა საქართველოში ევროპული საგანმანათლებლო მიმართულებისგან დაშორების საფრთხეს ქმნის. მისი შეფასებით, ინიციატივები მიუთითებს, რომ ქვეყანა ევროპული საგანმანათლებლო სივრციდან გამიჯვნისკენ მიდის.
ტაბატაძის თქმით, რეფორმის მეორე მიზანი უნივერსიტეტების მმართველობითი კონტროლის გამკაცრებაა, რაც კიდევ უფრო დაასუსტებს აკადემიურ დამოუკიდებლობას.
პირველი, რაც თვალნათლივ ჩანს, ეს არის, რომ საქართველო უნდა დაშორდეს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს. ყველა იმ ინიციატივისგან, რომელიც წარმოდგენილია, ეს იქნება 11 წლიან სწავლებაზე გადასვლა, მაგისტრატურის 1 წლამდე დაყვანა, ეს იქნება უნივერსიტეტების ავტონომიურობის შემცირება, დაფინანსების ნაწილში მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსება, აკადემიური თავისუფლების შეზრუდვა თუ ა.შ., ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი და ეს მიზანიც, ფაქტობრივად, ცალსახად გაცხადებულია. მეორე მიზანი, რა თქმა უნდა, არის ისედაც დამორჩილებული უნივერსიტეტების მეტად დამორჩილება. ვგულისხმობ წმინდად მმართველობითი თვალსაზრისით, ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელიც არ არის დამორჩილებული და ამ რეორგანიზაციის შედეგად ეს დამორჩილებაც მარტივად მოხდება, იმიტომ, რომ რეორგანიზაციას ახლავს მმართველი რგოლის და მმართელობითი სისტემის შეცვლა, - ამბობს შალვა ტაბატაძე.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ გუშინ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ სკოლები 11-წლიანი პროგრამით იმუშავებენ, ბაკალავრიატი 3-წლიანი იქნება, ხოლო მაგისტრატურა - 1-წლიანი.
ასევე, დაგეგმილია, რომ თითო ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებდეს და ქვეყნის მეორე უმაღლესი განათლების ცენტრი ქუთაისში შეიქმნას.