თოლორაია მცირეწლოვანი შვილის თვალწინ გაკოჭეს - დაკავებულის ადვოკატი

17.10.25 16:13
თოლორაია მცირეწლოვანი შვილის თვალწინ გაკოჭეს - დაკავებულის ადვოკატი

მიხეილ თოლორაიას ადვოკატი, ბორის ჩელე ყურუა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სპეცრაზმმა სახლში, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით დააკავა.

მისი თქმით, მიუხედავად იმის, რომ თოლორაია პატიოსანი, მშრომელი ადამიანია, რომელიც კანონთან კონფლიქტში არასდროს ყოფილა, მას არ აქვს იმედი, რომ მოსამართლე პატიმრობის გარეშე დატოვებს.

„თავის საცხოვრებელ მისამართზე იმყოფებოდა. განსაკუთრებული საპოლიციო ღონისძიებით მოხდა მისი დაკავება, იარაღებით, სპეცრაზმით შეუვარდნენ ადამიანს, რომელიც არსად იმალებოდა, არსად გარბოდა, სახლში ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომლის თვალწინაც მოხდა გაკოჭილი თოლორაიას სახლიდან გაყვანა. მას არ აქვს მოლოდინი, რომ ამ სასამართლოში სამართალს იპოვის, მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე არაფერს გაითვალისწინებს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებს. ბრალის წარდგენა ოფიციალურად არ მომხდარა, სავარაუდოდ, მას სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

მიხეილ თოლორაია პატიოსანი, მშრომელი ადამიანია, რომელიც კანონთან კონფლიქტში არასდროს ყოფილა“, - განაცხადა ყურუამ.

თოლორაია ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია შესახლებული. ბრალი ამ დროისთვის, არც მისთვისაა წარდგენილი.

მსგავსი სიახლეები