დავით ზურაბიშვილი: „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპი მხოლოდ ილიაუნის გასაუქმებლად არის მოგონილი
ყოფილი პოლიტიკოსი, განათლების მინისტრის ექს-მოადგილე, დავით ზურაბიშვილი მწვავედ აკრიტიკებს ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილ განათლების რეფორმას და მას განათლების სისტემის დესტაბილიზაციის საფრთხედ მიიჩნევს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რეფორმის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი - „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპი, წარმოადგენს აკადემიური თავისუფლების უხეშ დარღვევას და მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ზურაბიშვილის შეფასებით, ეს მიდგომა არამარტო უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის რყევას გამოიწვევს, არამედ ფარული პოლიტიკური მიზნებით არის ნაკარნახევი, განსაკუთრებით იმ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წინააღმდეგ, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილად მიიჩნევიან.
ორიოდ სიტყვით კობახიძის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე.
რეფორმის კონცეფციაში ზოგადი შეფასება-მიმოხილვების გარდა არის რამდენიმე საკვანძო პუნქტი. ყველა მათგანის ერთად განხილვა ძალიან დიდი ადგილს დაიჭერს, ამიტომ აქ შევეხები მხოლოდ ერთ პუნქტს, დანარჩენზე კი სხვა დროს მოგახსენებთ.კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო პუნქტი არის "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი" პრინციპი. ეს ნიშნავს, რომ თუ ქალაქში არის რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაშინ მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ერთი და იგივე ფაკულტეტები. მაგალითად, თბილისში არის ოთხი სახელმწიფო უნივერსიტეტი და ოთხივეს აქვს იურიდიული ფაკუკლტეტი. ამ რეფორმის შედეგად სამ უნივერსიტეტს ეს ფაკულტეტები უნდა ჩამოერთვას და გადაეცეს მხოლოდ ერთს. როგორ მოხდება იმ ერთი რჩეულის შერჩევა? როგორც კობახიძემ გვითხრა, ფაკულტეტების განაწილება მოხდება "აკადემიური ტრადიციების" მიხედვით, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს წაიღებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტი (თსუ). ყველა სხვა უნივერსიტეტი ხომ მასზე ბევრად გვიანაა დაარსებული და შესაბამისად ტრადიციებიც უფრო ხანმოკლე აქვთ?
რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს ასეთ პრინციპს? აქ სრული კატეგორიულობით შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად არანაირი. ეს არავითარ აკადემიურ სტანდარტში არ ჯდება. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ არსებობს და აზრადაც არ მოუვა არავის თავში ამის გაკეთება, რადგან ეს, ჯერ ერთი, აკადემიური თავისუფლების სერიოზული ხელყოფაა, და, გარდა ამისა, ეს გამოიწვევს უკვე არსებული აკადემიური ინსტიტუტების და საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის რყევას და მოშლას.
ამგვარი გადაწყვეტილების გამართლება საკმაოდ დაუფარავად ხდება იმ პოლიტიკური მოტივით, რომ ზოგიერთი უნივერსიტეტი არა მარტო ნაცების ბუდეა, არამედ გადაქცეულია ნაცების გამომშვებ კონვეიერად. ძირითადად აქ გულისხმობენ ხოლმე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და საქართველოს უნივერსიტეტს. ასევე თავისუფალ უნივერსიტეტსაც. თავი დავანებოთ იმას, რომ ასეთი დამოკიდებულება უნივერსიტეტების მიმართ ("ნაცების ბუდე" და ა.შ.) თავისთავად არის უკიდურესი ქაჯობა და მდაბიოობა, ეს ასევე არ არის სიმართლე და ელემენტარულად ტყუილია. პირიქით, აკადემიურ სივრცეში დასაქმებულებს თუ ავიღებთ, ლექტორებს, მასწავლებლებს და ა. შ., განსაკუთრებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში, იქ ხელისუფლების მომხრეებიც საკმაოდ არიან, თუ უმრავლესობაში არა და კობახიძის ეს ვითომდა ანტინაცური ღონისძიება, მათაც უშუალოდ შეეხებათ.
პირადად მე თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი" პრინციპი მოგონილ იქნა მხოლოდ და მხოლოდ ილიაუნის გასაუქმებლად, რაც უნდა გამოიხატოს იმაში, რომ მას ჩამოერთვას ფაკულტეტთა უმრავლესობა და მიუერთდეს თსუ-ს. შენობების დიდი ნაწილი, კი, როგორც მოგვახსენა ბ-ნმა კონბახიძემ, გაიყიდოს.
აი, ასეთი "გენიალური" გეგმაა მოფიქრებული. ოღონდ რამდენადაც ამ რეფორმის კომისიაში სულ ისეთი ხალხი იყო შესული, რომელთაც ფრიად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ განათლების სისტემაზე, მათ გამოეპარათ ერთი ნიუანსი: ეს პრინციპი არ ეხება მარტო ილიას უნივერსიტეტს, სადაც სხვათა შორის ხელისუფლების მხარდამჭერი ლექტორებიც არიან, არამედ ეხება ასევე ტექნიკურ უნივერსიტეტს და შესაძლოა სოხუმის უნივერსიტეტსაც, რომელიც თბილისშია განთავსებული. ასევე ამ პრინციპით სამედიცინო ფაკულტეტი დარჩება ალბათ მხოლოდ სამედიცინო უნივერსიტეტს. თეატრზე და კინოზე კურსები წაიკითხება მხოლოდ თეატრალურ უნუივერტსიტეტში და ა. შ. ინტერდისციპლინარულ საგნებს და კურსებს რა უყონ, ეს ჯერ რეფორმის წევრებმა არ იციან, ეჭვი მაქვს, არც ის იციან ეს "ინტერდისციპლინარული" საერთოდ რას ნიშნავს.
აქედან გამომდინარე თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ერთი ფაკულტეტის პრინციპის გატარების მცდელობა ქაოსისა და საყოველთაო უკმაყოფილების გარდა არაფერს გამოიწვევს. თავად სწავლების ხარისხი კი ნებისმიერ შემთხვევაში დაეცემა ასეთი რყევებისგან, - წერს ზურაიშვილი.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ გუშინ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ სკოლები 11-წლიანი პროგრამით იმუშავებენ, ბაკალავრიატი 3-წლიანი იქნება, ხოლო მაგისტრატურა - 1-წლიანი.
ასევე, დაგეგმილია, რომ თითო ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებდეს და ქვეყნის მეორე უმაღლესი განათლების ცენტრი ქუთაისში შეიქმნას.