განათლების 11-წლიანი მოდელი არის უშველებელი ნაბიჯი უკან, უფსკრულში გადაშვება! - ალავიძე

17.10.25 16:25
განათლების 11-წლიანი მოდელი არის უშველებელი ნაბიჯი უკან, უფსკრულში გადაშვება! - ალავიძე

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ განათლების რეფორმას კატასტროფულ ნაბიჯად აფასებს და ამბობს, რომ 11-წლიან მოდელზე დაბრუნება ქვეყნის განვითარების მიმართულებით სერიოზულ უკუსვლას ნიშნავს. მისი თქმით, საქართველოს მიერ ბოლონიის პროცესსა და 12-წლიან განათლებაზე გადასვლამ ათასობით ახალგაზრდას მისცა საერთაშორისო დონის განათლების მიღებისა და გლობალურ კონკურენციაში ჩართვის შესაძლებლობა.

ალავიძის შეფასებით, რეფორმა მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკისა და განათლების ხარისხის დაქვეითებას მოიტანს, რაც ქვეყნის პროგრესს და მომავალს სერიოზულად დააზარალებს.

საქართველო ბოლონიურ პროცესს 2005 წელს შეუერთდა.

2008 წელს გადავიდა 12 წლიან საშუალო განათლებაზე. ეს საჭირო იყო ქვეყნის განვითარებისთვის და ინტეგრაციისთვის ცივილიზებულ სამყაროში და შედეგიც დათვლადია. (განათლების მკვლევარები იმედია მალე გამოამზიურებენ დეტალურ მონაცემებს "მდე" და "შემდეგ").

ათასობით საქართველოს მოქალაქემ (მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან) მიიღო რეალური და ხარისხიანი განათლება, აღიარებული საერთაშორისო დონეზე.
ახალგაზრდებმა შეძლეს სწავლა, განვითარება ძლიერი ცოდნითა და ხედვით დაუბრუნდნენ ქვეყანას, რაც არის ნებისმიერი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის საწინდარი.

12-წლიანი განათლება ერთი დამატებითი წელი არაა! ეს შესაძლებლობაა, რომ ჩვენმა შვილებმა შეძლონ გლობალურ კონკურენტულ გარემოსთან ადაპტაცია და თანაბარი პირობებით განათლების მიღება.

ბიუჯეტში ფული ამით არ დაიზოგება და უარეს კორუფციაში ჩაიძირება ქვეყანა. ვიყავით მანდ და გვახსოვს ყველაფერი. 11-წლიანი მოდელი არის უშველებელი ნაბიჯი უკან. უფსკრულში გადაშვება!

ესაა დროის, ცოდნის და შანსების დაკარგვა და განიავება. განათლება კი არ უნდა შემცირდეს, ის უნდა გაიზარდოს. ეს არის ქვეყნის პროგრესის და მომავალოს საფუძველი. ესაა გადარჩენის შანსი და განათლებულებს "ქართველობას ვერ წაგვარმევენ".

გონს მოვეგოთ სანამ დროა. "ბაყაყი კრიტიკული დუღილის ეტაპზეა, დროა ის დარჩენილი რეფლექსი მოიხმოს და ამოხტეს ამ ჯამიდან, - წერს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ გუშინ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ სკოლები 11-წლიანი პროგრამით იმუშავებენ, ბაკალავრიატი 3-წლიანი იქნება, ხოლო მაგისტრატურა - 1-წლიანი.
ასევე, დაგეგმილია, რომ თითო ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებდეს და ქვეყნის მეორე უმაღლესი განათლების ცენტრი ქუთაისში შეიქმნას.   

მსგავსი სიახლეები