აპირებს თუ არა “ქართული ოცნება“ ჯუანშერ ბურჭულაძის ციხიდან გამოშვებას?
აპირებს თუ არა “ქართული ოცნება“ ჯუანშერ ბურჭულაძის ციხიდან გამოშვებას - “პირველების“ ინფორმაციით, თავდაცვის ექსმინისტრი საპროცესო გარიგებისთვის ემზადება.
ჩვენი ინფორმაციით, კორუფციის ბრალდებით დაკავებული ექს მაღალჩინოსანი მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. მას დიდი ფულის გაფლანგვას ედავებიან და წესით 12 - წლიანი პატიმრობაც ემუქრება.
საინტერესოა, რის სანაცვლოდ გადაწყვიტეს მძიმე დანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექსმაღალჩინოსნის გაშვება.
ბურჭულაძის უფლებადამცველი მარიამ შათირიშვილი არ ადასტურებს ამ ინფორმაციას და ამბობს, ჯერჯერობით, ახალი არაფერია.
ჯერჯერობით ამის დადასტურება არ შემიძლია, ასე არ არის, ჯერჯერობით არაფერს გვთავაზობენ. არანაირი მოლაპარაკებების ეტაპზე არ ვართ. თავს კარგად გრძნობს. ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, გამოძიების დასრულებას ველოდებით- ამბობს ის.
ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.