ნადირობა აქტივისტებზე - ვინ და რა ვითარებაში დააკავა შსს-მ
ოზურგეთში გამთენიისას სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტის, სიმონ მახარაძის დასაკავებლად მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს. ოპერაციაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გელა გელაძე ხელმძღვანელობდა, მონაწილეობდა დაახლოებით 70 სპეცრაზმელი. ადგილობრივების ცნობით, კბილებამდე შეიარაღებულმა ძალოვნებმა ოჯახში შეჭრისას დააფრთხეს არასრულწლოვნები და შეიქმნა პანიკა.
მალევე სპეცრაზმმა თბილისში დააკავა კიდევ ერთი აქტივისტი - მარიამ მეყანწიშვილი, რომელიც შვილთან ერთად სახლში იმყოფებოდა. 6 წლის ბავშვის თანდასწრებით ჩატარებულმა სპეცოპერაციამ საზოგადოებაში მკვეთრი რეაქცია გამოიწვია.
მეყანწიშვილი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის ერთ-ერთი გამოკვეთილი კრიტიკოსია, ამჟამად ბრალის წარდგენას ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ინფორმაციით, ათონელის სასახლესთან ის საერთოდ არ იმყოფებოდა, მას ორგანიზებული ჯგუფის მიერ ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად.
რუსთაველის გამზირზე გადაღებულ კადრებში მეყანწიშვილი ჩანს, როცა ის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უხსნის, რატომ დგას ხალხი უკვე ერთი წელია ქუჩაში.
აქტივისტის დაკავებისას სახლში იმყოფებოდნენ მისი დედა, და და 6 წლის შვილი, რომლებიც სპეცრაზმის შესვლას და ძალადობრივ ქმედებებს პირადად შეესწრნენ.
არაპროპორციული ძალის გამოყენებით აიყვანა გელაძის უწყებამ დავით ღურწკაიაც. ახალგაზრდა კაცს სოციალურ ქსელში აქტივობები დაუწუნეს და 4 ოქტომბრის დიდ შეკრებაში მონაწილეობა არ აპატიეს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.