ადამიანს, რომელსაც წლები ფორმა ეცვა, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ იარაღებით შეუვარდნენ და ოჯახი დაუწიოკეს - იური ლომიძის ადვოკატი
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ ყოფილ სამხედროს და პოლიციელს, იური ლომიძეს სახელმწიფო ბრალდება 6 წლით ციხეში გაშვებას უპირებს, მას დღეს ბრალის დადგენილება ოფიციალურად გააცნეს. როგორც იზოლატორიდან გამოსულმა მისმა ადვოკატმა, ბორის ჩელე ყურუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ლომიძე წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
დღეს ბრალი წარუდგინეს იური ლომიძეს, ადამიანს, რომელსაც წლების განმავლობაში ეცვა ფორმა, ჯერ იყო ჯარისკაცი, შემდეგ პოლიციელი. მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. გუშინ დილით სახლში, სადაც ის მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს, სპეცრაზმი იარაღებით შეუვარდა და მიუხედავად მისი თხოვნისა, რომ არ იყო ხმაური და ბავშვების შეშინება, მაინც იარაღებით შეუვარდნენ და ოჯახი დაუწიოკეს. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ასევე აქვს რწმენა, რომ ამ სასამართლოში ფიზიკურად შეუძლებელია სამართალი იპოვო", - ამბობს ადვოკატი ჩელე ყურუა.
იური ლომიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.