ზუგდიდში გაიხსნა სპორტკომპლექსი, რომლის მშენებლობაც არ დასრულებულა
ზუგდიდში ახალი სპორტკომპლექსის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა ობიექტი უკვე ღიაა მოქალაქეებისთვის. კომპლექსის მშენებლობა 259 დღის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა.
ამის მიუხედავად, ადგილობრივები, მათ შორის ბავშვები, თავისუფლად შედიან შენობაში, რაც უსაფრთხოების სერიოზულ რისკებს ქმნის.
მშენებლობის დასრულებამდე სივრცის გახსნამ გამოიწვია კითხვა - ვინ აგებს პასუხს, თუ დაუმთავრებელ ობიექტზე მოქალაქე დაშავდება.
როგორც ადგილობრივი ოპოზიცია აცხადებს, პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტს და ზედამხედველ ორგანოებს, რომლებიც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ვერ აკონტროლებენ.
ყველამ ნახეთ წინასაარჩევნო პერიოდში დიდი პომპეზურობით გაიხსნა სპორტკომპლექსი ზუგდიდში, თვითონ პრემიერ-მინისტრიც კი ჩამოვიდა, მაგრამ დოკუმენტაციდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ ჩაბარებული არ არის ობიექტი, 259 დღეა ვადაგადაცილება. აქედან გამომდინარე, გახსნელ, ჩაუბარებელ ობიექტზე, როცა მოქალაქეებს, მოზრდილებს, ბავშვებს ემსახურებიან, ეს უკვე კატასტროფაა. ვინ იღებს პასუხისმგებლობას? 13 მლნ-იანი ობიექტზე, დახარჯულია 26 მლნ-მდე ლარი და ჯერაც ჩაუბარებელია, - ამბობს ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენელი.