ელიტური კორუფციის საქმე - ცდილობს თუ არა გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძით ექს პრემიერზე გასვლას?
თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ვლადიმერ ღუდუშაური, რომელსაც ელიტური კორუფციის საქმეზე 11-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, გათავისუფლებულია. მან ციხე 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე დატოვა.
სასჯელის შეცვლის გადაწყვეტილება სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო, რაც მიუთითებს, რომ ღუდუშაურმა თანამშრომლობა დაიწყო გამოძიებასთან და თვეების დუმილი დაარღვია.
საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება, მოწმეებად კი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები უნდა დაიკითხონ. ამ ფონზე ღუდუშაურის გათავისუფლება კითხვებს აჩენს, რადგან ადრე პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მისი თავისუფლებაზე ყოფნა მიმალვისა და ზემოქმედების საფრთხეს ქმნიდა.
ღუდუშაური იმავე საქმეზეა დაკავებული, სადაც ფიგურირებენ მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა. საქმე ეხება სამხედრო ჰოსპიტალისთვის შესაძენ ტომოგრაფიის აპარატს, რომლის ღირებულებაც ხელოვნურად მილიონზე მეტით გაიზარდა.
TV პირველის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმება მზადდება თავად ჯუანშერ ბურჭულაძისთვისაც.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.