პროტესტი 22-ე საჯარო სკოლასთან - მშობლების ინფორმაციით, სასწავლო პროცესის პარალელურად, შენობაში ქვები ცვივა და წყალი ჩამოდის
პროტესტია ამ წუთებში თბილისში 22-ე საჯარო სკოლასთან - ადგილზე შეკრებილები არიან მშობლები, რომლებიც შვილებისთვის უსაფრთხო გარემოს ითხოვენ.
მათი თქმით, საჯარო სკოლა ავარიულია, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, თუმცა სასწავლო პროცესი მაინც არ შეწყვეტილა.
მშობლებისვე ინფორმაციით, სკოლის შიდა ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესის პარალელურად, ქვები ცვივა და წყალი ჩამოდის.
მეოთხე სართულზე დაიწყეს რემონტი, ამან გამიწვია უფრო მეტი ავარიულობა, დაიწია ჭერი, ზემოდან ჩამოვიდა წყალი, საპირფარეშოში, სველ წერტილებში სადაც ბავშვები შედიან, არის პრობლემა, რატომღაც მას არ აქვს კარი, რატომ დადიან უკარებო საპირფარეშოებში ეს მოზარდი გოგო-ბიჭები, არ ვიცი. გაკვეთილები ჩვეულებრივად ტარდებოდა, ბავშვებზე ეცემოდა ქვიშები თავზე, პედაგოგმა იქეთ გადაჯექიო, იქეთ გადაჯდა, იქაც დაეცა, ეს რომ უსაფრთხო არ არის, თავისთავად ცხადია, ქვები ცვივა, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
რა თქმა უნდა, საშიშია, მესამე კლასელ ბავშვს როგორ გამოვუშვებ სკოლაში, ღმერთმა დაიფაროს, თუნდაც, კენჭიც რომ ჩამოვარდეს, ხო ქაოსი მოხდება, ქაოტურ სიტუაციაში მერე ჭყლეტა იქნება, გეშინია, არ ხარ დაზღვეული. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, ამ ხნის მანძილზე, სანამ დაიდება ექსპერტიზის დასკვნა, როგორ მოვიქცეთ, გავაგრძელოთ სწავლა და ვიყოთ ასეთ საშიშროების ქვეშ, თუ შევაჩეროთ დროებით, - ამბობს კიდევ ერთი მშობელი.
მშობლები ითხოვენ მათი სკოლის საკუთრებაში არსებულ იმ შენობაში გადაიყვანონ, რომელიც შედარებით უსაფრთხოა, თუმცა, მათი თქმით, ამ დროისთვის, იქ სხვა სკოლის ბავშვები სწავლობენ.
დღეს იმ მოთხოვნით ვართ გამოსულები, რომ ჩვენი კუთვნილი შენობა , შედარებით ახალი, სადაც უკვე წლებია სხვა სკოლის განკარგულებაშია, ამ პერიოდში, სანამ გვექნება ოფიციალური დასკვნა, რომ ჩვენი ძველი შენობა უსაფრთხოა, იქ გადაგვიყვანონ, ან სასწავლო პროცესი დროებით შეწყდეს, - ამბობს მშობელი.