აღმზრდელს სამი წლის ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებენ - რა მოხდა ზუგდიდში

20.10.25 15:39
აღმზრდელს სამი წლის ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებენ - რა მოხდა ზუგდიდში

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის ერთ-ერთ ბაღში 3 წლის ბავშვზე იძალადეს. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მცირეწლოვანს აღმზრდელი გაუსწორდა. "პირველების" ინფორმაციით, შემთხვევა 17 ოქტომბერს მოხდა.

ირკვევა, რომ ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები აღმზრდელმა მშობელს შემთხვევით გაუგზავნა. კადრებში ჩანს, რომ 3 წლის ბავშვს სავარაუდოდ, მასწავლებელი აიძულებს, აქტივობაში ჩაერთოს, ბავშვი ტირილს იწყებს, რის შემდეგაც აღმზრდელი მას თავში ურტყამს, თმას სწიწკნის და ეუბნება, რომ "დაჯდეს და ხმა არ ამოიღოს". 

საჯარო ბაღში ძალადობის ამბავი თავდაპირველად უარყვეს, შემდეგ კი თქვეს, რომ მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მეტიც, საბავშვო ბაღის დირექტორი TV პირველის კამერას სამრეცხაოში დაემალა.

3 წლის ბავშვის მშობელი კი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებისთვის არ მიუმართავს. 

გამომძიებელი "პირველებს" უდასტურებს, რომ მომხდარზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

წყარო ასევე "პირველებს" ეუბნება, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ზუგდიდის N 14 ბაღში მცირეწლოვნებზე ძალადობენ.

მოგვიანებით, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც დაადასტურა, რომ ძალადობაში მხილებულ აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის გადაწყვეტილებით, ქალაქის #14 საბავშვო ბაღში მომხდარი ინციდენტის მონაწილე აღმზრდელს ე.მ-ს უფლებამოსილება შეუჩერდა

ცენტრის რეაგირება იყო მყისიერი, უფლებამოსილების შეჩერებასთან ერთად, ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ეცნობა პოლიციას. მიმდინარეობს გამოძიება.

სსდმ ცენტრი სასტიკად გმობს მომხდარ ფაქტს, გამოთქვამს მზაობას, აქტიურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაიცვას აღსაზრდელის უფლებები.

ინფორმაციის მიღებისთანავე ადგილზე იმყოფებოდნენ ჩვენი ცენტრის იურისტი და ცენტრის დირექტორის მოადგილე. ჩვენს მთავარ მიზანს ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოში სკოლამდელი განათლების მიღება წარმოადგენს. ის კი, ვინც ამ მიზნებს ხელს უშლის, კანონის შესაბამისად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, - ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები