სტუდენტები კობახიძის წინააღმდეგ - განათლების სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს
სტუდენტები კობახიძის წინააღმდეგ - ამ დროისთვის, განათლების სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს. პროტესტს უერთდებიან სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მშობლები.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ირაკლი კობახიძემ უარი უნდა თქვას განათლების სისტემის განადგურების მცდელობაზე.
სტუდენტების თქმით, კობახიძის მიერ გაჟღერებული ცვლილებები განათლების სფეროში, უნივერსიტეტებში თავისუფალი და კრიტიკული აზრის ჩახშობას ემსახურება.
პირველ რიგში თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გუნდი რომელიც დაკომპლექტებულად მუშაობს ამ საკითხზე არის მარიამ ლაშხი, რომელიც აქამდე უკვე საკმაოდ ცნობილია იმით, რომ აკავებს სტუდენტებს, მათ შორის ილიაუნის სტუდენტი ლიკა ლორთქიფანიძე და სხვა რამდენიმე სტუდენტი დააკავა, ასევე კახა კალაძე, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ განათლების სფეროში კი არა, ზოგადად პოლლიტიკურ სფეროში არანაირი საქმე არ აქვს, თუმცა განათლების საკითხი არ უნდა აიღოს ხელში და ასევე ვიცით, როომ დაკომპლექტებულია ჯგუფით, რომელიც აქამდე მუშაობდა შსს-ში.
ჩვენ აქდეანვე უნდა მივხვდეთ, რომ სინამდვილეში საქმე გვაქვს დიდი პრობლემასთან. ეს განათლების რეფორმა სრულიად არ არის იმისთვის განკუთვნილი, რომ აამაღლოს განათლების დონე, არამედ უბრალოდ პოლიტიკა შეიტანოს უნივერსიტეტებში, დაიკავოს ის თავისუფალი სივრცე, სადაც ჯერ-ჯერობით კიდევ არის კრიტიკული აზრი, რომელიც მათ სამწუხაროდ უპირისპირდება მათ აზრს.
შესაბამისად ჩვენ, სტუდენტები ვგრძნობთ და ვხვდებით, რომ ეს არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ მოახდინოს რაიმე ცვლილება განათლების რეფორმაში, არამედ მოახდინოს პოლიტიზირება ახალგაზრდების," - ამბობს სტუდენტი.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ სკოლები 11-წლიანი პროგრამით იმუშავებენ, ბაკალავრიატი 3-წლიანი იქნება, ხოლო მაგისტრატურა - 1-წლიანი.
ასევე, დაგეგმილია, რომ თითო ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებდეს და ქვეყნის მეორე უმაღლესი განათლების ცენტრი ქუთაისში შეიქმნას.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ მთავრობა თბილისში არსებული ცალკეული უნივერსიტეტების შენობების გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. როგორც ირაკლი კობახიძემ სამთავრობო მედიის ეთერში განაცხადა, საუბარია იმ ობიექტებზე, რომელთა რეალიზაციის სანაცვლოდ იგეგმება ახალი და თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.