"შსს-ს წარმომადგენელთა უცოდინრობა და უტიფრობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, სასამართლო სისტემის დეგრადაციასთან ერთად" - შოთა თუთბერიძე
"შსს-ს წარმომადგენელთა უცოდინრობა და უტიფრობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, სასამართლო სისტემის დეგრადაციასთან ერთად" - ამის შესახებ უფლებადამცველმა, შოთა თუთბერიძემ "ფორმულას" ჟურნალისტის, ქეთა ციცქიშვილისთვის 5-დღიანი პატიმრობის შეფარდების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პროცესზე სასამართლომ აღნიშნა, რომ სხვა მტკიცებულებები არ სჭირდებოდა და ამაში შსს-ს წარმომადგენელი, თეკლა კობახიძეც დაეთანხმა - "რითაც [სასამართლომ] პრაქტიკულად ხაზი გადაუსვა სამართლის ძირითად პრინციპებს და თქვა, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის საშუალება, თურმე დაცვის მხარეს საერთოდ არ სჭირდება".
ეს იყო გამაოგნებელი პროცესი იმ თვალსაზრისით, რომ როგორც სასამართლომ, ასევე შსს-ს თანამშრომელმა, რომელზეც ცალკე უნდა ვისაუბრო აუცილებლად იმიტომ, რომ გამაოგნებელი უტიფრობით ხასიათდებოდა, სასამართლომ აღნიშნა, რომ მე სხვა მტკიცებულება არაფერი არ მჭირდება, გარდა იმისა, რაც არის წარმოდგენილი უკვეო, რითაც პრაქტიკულად ხაზი გადაუსვა სამართლის ძირითად პრინციპებს და თქვა, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის საშუალება, თურმე დაცვის მხარეს საერთოდ არ სჭირდება, პასუხისგებაში მიცემულ პირს არ სჭირდება.
უფრო მეტიც, არათუ მტკიცებულებების წარმოდგენა, არამედ მან ქეთა ციცქიშვილს არ მისცა მტკიცებულებების გაცნობის საშუალებაც კი. ისე გაუშვა პატიმრობაში, რომ ქეთას არც უნახავს ის მტკიცებულებები რაზე დაყრდნობითაც ედავებოდნენ მას სამართალდარღვევის ჩადენას.
ამასთან, შსს-ს "სასიკეთოდ" და "შესაქებად" უნდა ითქვას ის, რომ შსს-ს წარმომადგენელთა ერთის მხრივ უცოდინრობა და მეორეს მხრივ უტიფრობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, სასამართლო სისტემის დეგრადაციასთან ერთად. შსს-ს თანამშრომელი, ახალგაზრდა გოგონა, თეკლა კობახიძე, გვარიც როგორც ჩანს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მომუშავე პირის ოჯახის "ღირსეულ" გაგრძელებას წარმოადგენს, ამბობდა, რომ რა საჭიროა მტკიცებულებები ამ სხდომაზე, ისედაც ყველაფერი წარმოდგენილი გვაქვს რაც საჭირო იყოო. ბუნებრივია, ამას სასამართლოსთან არაფერი კავშირი არ აქვს, ამასთან არათუ როგორც სასამართლოსთან ინსტიტუტთან, თავად ტერმინ სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს.
ეს არის რეპრესიების მორიგი ნაბიჯი, რასაც, მე დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება არ შეეგუება და თუ ვინმე ფიქრობს, რომ როგორც თავის დროზე ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, ეს "ბრძენი კაცი", ყველას ვერ დაიჭერენო, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ იგივე სურათი გვაქვს დღეს, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ვერ დაიჭერენ, პირიქით მონები დარჩებიან ისეთივე მონებად ნებისმიერი მთავრობის პირობებში, ხოლო თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, ქეთას მსგავსად აუცილებლად მიაღწევენ საბოლოო გამარჯვებას," - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
"ფორმულას" ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა.
"წადით ყველანი რუსთაველზე" - ასე მიმართა სასამართლო დარბაზიდან ქეთა ციცქიშვილმა მოქალაქეებს.