"უცნობია დაკავების დეტალები და რისთვის დააკავეს" - უფლებადამცველები იმედა კლდიაშვილს ეძებენ
ოჯახის წევრები და უფლებადამცველები დაკავებულ აქტივისტს, იმედა კლდიაშვილს ეძებენ. ადვოკატის, ბორის ჩელე ყურუას განცხადებით, ადმინისტრაციული ორგანო არ ამბობს სად გადაიყვანეს სამოქალაქო აქტივისტი. იმედა კლდიაშვილი არც სასამართლოსი მიუყვანიათ.
უფლებადამცველის განმარტებით, მან არც დაკავების დეტალები იცის და არც ის თუ რისთვის აიყვანეს აქტივისტი, თუმცა, სავარაუდოდ, სახელმწიფო ბრალდება მის პატიმრობას მოითხოვს და სასამართლო "ყველანაირი არგუმენტაციის გარეშე იმედა კლდიაშვილს ციხეში გაუშვებს".
ამასთან, ბორის ჩელე ყურუამ აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" ნერვებს უშლის" ის ადამიანები, რომლებიც გამოდიან და აფიქსირებენ იმას რისი მოსმენაც ივანიშვილის გუნდს არ სურს.
იმედა არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გამოხატავდა თავის სათქმელს. მე ძალიან მინდა, მოგიყვეთ მისი დაკავების დეტალები და ის თუ რისთვის დააკავეს და თავად როგორი აზრი აქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ადმინისტრაციული ორგანო, როგორც ყოველთვის, ახლაც არ გვეუბნება სად ყავთ და მე, მის უფლებადამცველს არ მაძლევენ საშუალებას სასამართლო პროცესამდე გავესაუბრო.
სავარაუდოდ მოითხოვენ პატიმრობას და ყველანაირი არგუმენტაციის გარეშე ამ ადამიანს გაუშვებენ ციხეში.
რუსთაველის გადაკეტვა კი არ უშლით ნერვებს, ნერვებს უშლით, რომ მთელი საქართველო მათი მონაა და იქ რომ ვიღაც ადამიანი გამოდის და ამბობს, აფიქსირებს იმას, რისი მოსმენაც "ქართულ ოცნებას" არ უნდა, ეგ უშლით ნერვებს. უნდათ ახლა თავის ამომრჩეველს აჩვენონ, რომ ეხლა ციხეებში გაუშვან და ამ ხალხს ციხეების შეეშინდება და აღარსად აღარ გამოვლენ. მგონი, უნდა მიმხვდარიყვნენ ამ 1 წლის განმავლობაში, რომ არ ეშინიათ," - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.
ცნობისთვის, პოლიციამ იმედა კლდიაშვილი ცოტა ხნის წინ დააკავა. სამოქალაქო აქტივისტს სავარაუდოდ გზის გადაკეტვას ედავებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის შემზღუდავი კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო. შესაბამისად მოქალაქეებს გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით აკავებენ.
დაკავებულების ნაწილს რამდენიმედღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებიც არიან.