„რეჟიმი არავის დაინდობს, თქვენთანაც მოვლენ“ - სინდისის პატიმრების მშობლებმა აქცია ფინანსთა სამინისტროსთანაც გამართეს

21.10.25 13:43
„რეჟიმი არავის დაინდობს, თქვენთანაც მოვლენ“ - სინდისის პატიმრების მშობლებმა აქცია ფინანსთა სამინისტროსთანაც გამართეს

სლოგანით „რეჟიმი არავის დაინდობს, თქვენთანაც მოვლენ“ სინდისის პატიმრების მშობლებმა დილიდან აქციებს მართავენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან.

პირველად ისინი იუსტიციის სამინისტროსთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი ფინანსთა სამინისტროსკენ გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებმა საჯარო მოხელეებს მოუწოდეს, არ ემსახურონ უსამართლო რეჟიმს და უწყებებში შეტანეს დოკუმენტები, სადაც მათი თქმით, „რეჟიმის ტყვეებთან“ დაკავშირებული გაყალბებული საქმეებია თავმოყრილი.

მშობლების თქმით, მათი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნაზე უარს არ იტყვის.

რა ფიციც აქვთ დადებული, იმს ფიცის კარნახით გადმოიხედონ, გადართონ ტელევიზია სხვა არხებზე, გაიგონონ საღი აზრი და ჯერ ჩვენ, ვინც ვდგავართ, პატიმრების მშობლების, გამწარებული დედების ნათქვამი გულთან მიიტანონ, დების, ცოლების, მამების, რომ ასეთ დღეში რომ ვართ, ყველას კარებთან მივლენ, ყველას მიადგებიან. სანამ გვიანია არ არის, ყველა დაგვიდგეს გვერდით, - ამბობს გიორგი მინდიაშვილის დედა. 

ყველასთან მივა ეს უსამართლობა, რა უსამართლობაც ახლა ხდება, ამდენი ადამიანის დაჭერა ნიღბებისა და ქუჩაში გამოსვლის გულისთვის, ეს ძალიან დიდი უკანონობაა და ამის წინაშე უნდა აიმაღლოს ხმა ყველა საჯარო მოხელემ, - ამბობს გიორგი ტერიშვილის დედა.  

მსგავსი სიახლეები