"ერთიც რომ ვიყო, მაქვს უფლება გადავკეტო რუსთაველი" - სასამართლოში იმედა კლდიაშვილის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის, იმედა კლდიაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მოქალაქეს გზის გადაკეტვას ედავებიან.
იმედა კლდიაშვილმა პროცესზე სიტყვით ისარგებლა და განაცხადა, რომ მან ნამდვილად გადაკეტა გზა, თუმცა არ ეთანხმება იმას, რომ რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის საკმარისი რაოდენობა არ იყო.
მე ერთიც რომ ვიყო, მაქვს უფლება გადავკეტო რუსთაველი. მე ერთ ადამიანს გამიკეთებია აქციები, რომელსაც გამოხმაურება ჰქონია. მე ვკეტავდი კი რუსთაველს, მაგრამ არ ვეთანხმები, რომ საჭირო რაოდენობა არ ვიყავით," - განაცხადა იმედა კლდიაშვილმა.
ცნობისთვის, პოლიციამ იმედა კლდიაშვილი დღეს დააკავა. მას უფლებადამცველები 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის შემზღუდავი კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო. შესაბამისად მოქალაქეებს გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით აკავებენ.
დაკავებულების ნაწილს რამდენიმედღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებიც არიან.