ყულევის ახალმა ქარხანამ რუსეთიდან ნავთობის პირველი პარტია მიიღო
რუსულმა ნავთობკომპანია „როსნეტფმა“ საქართველოში, ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია შემოიტანა.
ეს ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად LSEG-ის გემების მონაცემებისა და ინდუსტრიის წყაროებში გამოჩნდა, Reuters-მა გაავრცელა.
გამოცემა წერს, რომ ტანკერმა „კაისერიმ“ 6 ოქტომბერს შავი ზღვის ნოვოროსიისკის პორტიდან ყულევის ნავთობტერმინალში 105 340 ტონა ციმბირული მსუბუქი ნავთობი შემოიტანა.
„როიტერსი“ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ:
- რუსეთსა და საქართველოს 2008 წლის ომისა და ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვთ;
- ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ მმართველობისას, თბილისმა „გააღრმავა ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, პარალელურად კი დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობები დრამატულად გაუარესდა“.
- რუსეთი, ნავთობზე დასავლური სანქციების ფონზე, ცდილობს ექსპორტის დივერსიფიკაციას.
„როსნეფტმა“ „როიტერს“ კითხვებზე არ უპასუხა.
რუსეთი ექსპორტის დივერსიფიკაციას ცდილობს, ამავე დროს კი დასავლეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს ებრძვის.
ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაცია ერთი წლის წინ, 2024 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა.
განახლება: მოგვიანებით შემოსავლების სამსახურმა განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ “გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები“.
მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ყულევის საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი " KAYSERI“, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები (ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,- წერია განცხადებაში.