კახა მიქაია მოსამართლე ნინო ენუქიძემ 14 დღით ციხეში გაუშვა
"ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერი კახა მიქაია მოსამართლე ნინო ენუქიძემ ციხეში 14 დღით გაუშვა.
“მამები და შვილები გააგრძელებენ ერთად ბრძოლას, მამები და შვილები არ მისცემენ ბიძინას საქართველოს გარუსების შესაძებლობას! ყველა უნდა გავერთიანდეთ“, - თქვა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაკავებულმა.
მიქაიამ სიტყვის თქმის უფლებით მანამდეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის და არც დღევანდელ სასამართლოს არ ენდობა.“
„არც შევარდნაძეს და არც სააკაშვილის სასამართლოს არ ვენდობოდი. არც თქვენს სასამართლოს ვენდობი. მე არ მაქვს იმედი, რომ თქვენ მაღალი სტანდარტებით იხელმძღვანელებთ. სანამ სასამართლო არ იქნება ქვეყანაში, ეს ქვეყანა დაემსგავსება ბოსელს! ამ ბოსლის წინააღმდეგ მე ვიბრძოლებ ყოველთვის“, - თქვა მან.
"ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერი კახა მიქაია დღეს დააკავეს. დღესვე დააკავეს მისი შვილი კონსტანტინე (კოკო) მიქაიაც, რომელიც მოსამართლე ნინო ენუქიძემ 14 დღით ციხეში გაუშვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის შემზღუდავი კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო. შესაბამისად მოქალაქეებს გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით აკავებენ.
დაკავებულების ნაწილს რამდენიმედღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებიც არიან.