მოვითხოვ, დავისაჯო ისე, როგორც ჩემი მეგობრები... ვაპირებ ჩემს ხალხთან ერთად დავასრულო ეს რეჟიმი - გიორგი თავართქილაძის სიტყვა
"მოვითხოვ, დავისაჯო ისე, როგორც დაისაჯნენ ჩემი მეგობრები" - ამ სიტყვებით მიმართა რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ სასამართლოს და სხდომათა დარბაზში თქვა, რომ რეჟიმის დასასრულებლად ხალხთან ერთად ბოლომდე ბრძოლას აპირებს.
ეს სიტყვები თავართქილაძემ მას შემდეგ წარმოთქვა, რაც შსს-ს წარმომადგენელმა სხდომაზე განაცხადა, რომ რეჟისორის მიმართ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებოდა, ხელოვანმა კი მათ უთხრა, რომ დღესაც გავა რუსთაველზე და დღესაც გადაკეტავს გზას.
თავართქილაძემ, დღეს პროცესზე მყოფ შსს-ს წარმომადგენლებსაც მიმართა და ჰკითხა, რას ფიქრობს მოქალაქეებისთვის დარღვეულ უფლებებზე და გამკაცრებულ კანონზე, რომელიც "ოცნებამ" მომიტინგეების წინააღმდეგ მიიღო.
ეს თქვენი კანონი არ არის თავსებადი არც ევროკონვენციასთან, არც კონსტიტუციასთან. თქვენ წარმოადგენთ არალეგიტიმურ შსს-ს, მაინტერესებს, რა განცდა გაქვთ? გესაუბრებით, როგორც პიროვნებას. როდესაც მე დამირღვიეს საქართველოს კონსტიტუცია, შემომაზილეს კანონი, რომლითაც შემიზღუდეს უფლება, ვარსებობდე, როგორც მოქალაქე, რას ფიქრობთ ამაზე? მოვითხოვ, დავისაჯო ისე, როგორც დაისაჯნენ ჩემი მეგობრები, იმისთვის, რომ გააკეთეს ის, რაც მე გავაკეთე. იმავეს ვაპირებ დღესაც. მე ვაპირებ ავიყოლიო ხალხი, გავხდე ბევრი და დავასრულო ეს რეჟიმი, ჩემს ხალხთან ერთად", - განაცხადა თავართქილაძემ სასამართლოზე.
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რეჟისორი გიორგი თავართქილაძე სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 100 ლარით დააჯარიმა.
საქალაქო სასამართლოში თავართქილაძის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. მას რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებიან.